შვედეთის მთავრობა აცხადებს, რომ საქართველოსთან წყვეტს ყველა სახის პირდაპირ ოფიციალურ თანამშრომლობას. ამავდროულად, შვედეთი 25 მილიონ კრონს, რაც 2 მილიონ ევროს აღემატება, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამოყოფს. შვედეთის განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი, ბენიამინ დუსა აცხადებს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები ძალიან საგანგაშოა. მისივე თქმით, თანამშრომლობა მომავალში შეიძლება აღდგეს, თუ საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს. პარალელურად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ კანადა შეშფოთებულია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვის და სხვა დარღვევების ფართოდ გავრცელებული ფაქტებით, რომლებზეც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი და სხვა მიუკერძოებელი დამკვირვებლები იუწყებიან, - ამის შესახებ კანადის მთავრობის გლობალურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული დარღვევები უნდა გამოიძიონ და მოაგვარონ. უწყება საქართველოში მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლებას კი მოუწოდებს, პატივი სცეს ადამიანთა უფლებებსა და უსაფრთხოებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების კონტექსტში.