უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი საქართველოშია. ის ვიზიტის ოფიციალურ მხარეს დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მთავრობის კანცელარიაში შეხვედრით დაიწყებს. ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერს ოფიციალურ ვახშამზე უკვე უმასპინძლა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის, ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები შედიან. ასევე დაგეგმილია საქართველოსა და უნგრეთის პრემიერების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ ბრიფინგსაც ჩაატარებენ. საქართველოში ორბანის ვიზიტი ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან უკვე გახდა კრიტიკის საგანი. ექპსერტები ფიქრობენ, რომ ვიქტორ ორბანის საქართველოში სტუმრობა დასავლეთის მხრიდან იზოლირებული „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას ემსახურება.