ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებთან და ტექნოლოგიურ ხარვეზებთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნას მოითხოვს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. კორძაიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას არჩევნებზე გამოვლენილი შესაძლო დარღვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ აძლევს ხმას დმანისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მოქალაქე პირადობის მოწმობის გარეშე, მხოლოდ ტელეფონში არსებული ფოტოთი. მისივე თქმით, ასეთი და სხვა სახის დარღვევები 26 ოქტომბრის არჩევნებზე მრავლად დაფიქსირდა.