მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს არის დადგმული, იმიტომ, რომ თუ ვინმეს არ აწყობდა აღნიშნული ქმედება, ეს არის ხელისუფლება, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი.
მისი თქმით, მმართველი ძალა დარწმუნებულია საზოგადოების უდიდეს მხარდაჭერაში და ამ ფონზე მისი მთავარი ამოცანა არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაა.
„ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ ყოფილიყო ანალოგიური ფაქტი, ამაზრზენი, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ მარნეულში. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს არის დადგმული, იმიტომ, რომ თუ ვინმეს არ აწყობდა აღნიშნული ქმედება, ეს არის ხელისუფლება. რეაგირების გარეშე, რა თქმა უნდა, არც ეს ფაქტი არ დარჩენილა - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. მე არ მახსოვს ამ ტიპის ფაქტები, რაც დღეს ვიხილეთ, ეს იყო ბიულეტენების ჩაყრა, ძალიან მძიმე იყო და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის და თუ ვინმეს არ აწყობდა ეს, ეს არის ხელისუფლება, იმიტომ, რომ როდესაც იცი, გარანტირებულად გაქვს უდიდესი მხარდაჭერა საზოგადოების, იგებ არჩევნებს, რა თქმა უნდა, მთავარი ამოცანა არის, რომ მშვიდ ვითარებაში ჩაატარო საარჩევნო კამპანია“, - განაცხადა კალაძემ.