ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღეს უნდა გაიმართოს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს. თავის მხრივ, 21 ნოემბერია ის ბოლო თარიღი, როდესაც ცესკომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს და შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნოს. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ სხდომას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა ესწრება. პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომლებიც არჩევნებში ხმების 5%-ს მაინც მიიღებენ. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა არ ჩაითვლება. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების მანდატების რაოდენობის განსაზღვრას, -პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე მრავლდება და ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე იყოფა, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5% მიიღეს.