გაერო-ს გენერალური მდივანი რუსეთის პრეზიდენტს ყაზანში, „ბრიქსის“ სამიტის ფარგლებში შეხვდა. გაერო-ს ინფორმაციით, ანტონიუ გუტერეშმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. მანვე, გაერო-ს მხარდაჭერას მშვიდობის მიმართ ხაზი გაუსვა. ამასთან, გაერო-ს ცნობით, გუტერეშმა და პუტინმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, კერძოდ, ღაზასა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობა და რეგიონში შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების საჭიროებაც განიხილეს. გენერალურმა მდივანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განვითარებისა და საერთაშორისო ფინანსური სისტემის საკითხებზე იმსჯელეს.