პაციენტი შეძლებს თანაგადახდის პირობებში ე.წ. VIP მომსახურებით ისე ისარგებლოს, რომ არ გავიდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან. უფრო კოკნკრეტულად კი, მთავრობის ახალი დადგენილებით, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტულად მაღალი მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, რა დროსაც სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ. VIP მომსახურების საფასურის გადახდას. ეს სიახლეც პრემიერმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დაანონსა. როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ეს გადაწყვეტილება დადებით გავლენას იქონიებს პაციენტის ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ათასობით მოქალაქეს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლა მხოლოდ იმის გამო, რომ სურვილი აქვს განსხვავებული სამედიცინო მომსახურება მიიღოს, რაც არსებული რეგულაციების პირობებში შეუძლებელი იყო.