საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა. განახლებული მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.6% იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ სავალუტო ფონდი წინა ანგარიშში ქვეყანაში 5.7%-იან ზრდას პროგნოზირებდა. მონაცემების მიხედვით, საქართველოს მიმდინარე წელს მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ექნება. საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს განას (43.8%), მაკაოს (10.6%), ნიგერიას (9.9%), სამოას (9.7%) და პალაუს (8.1%). რაც შეეხება მომავალ წლებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 6%-იან ზრდას, ხოლო 2029 წელს 5%-იან ზრდას ელოდება. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი საქართველოს ექნება. ასე მაგალითად, წელს სომხეთის ეკონომიკა 6%-ით, რუსეთის 3.6%-ით, აზერბაიჯანის 3.2%-ით, ხოლო თურქეთის 3%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ მთვარობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მომდევნო წლებში იქნება იმაზე მაღალიც კი, ვიდრე ეს სავალუტო ფონდის მიერაა პროგნოზირებული. ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა 2028 წლისთვის 130 მლრდ-ს გადააჭარბებს.