* მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ლიდერები -
გასული საუკუნე არა მხოლოდ მნიშვნელოვანი მოვლენებით, არამედ გავლენიანი პერსონებითაც მდიდარი აღმოჩნდა, რომელთაც საკუთარი გადაწყვეტილებებით შეცვალეს კაცობრიობის ისტორია.
* კონრად ადენაუერი -
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველმა კანცლერმა კონრად ადენაუერმა, რომელსაც უინსტონ ჩერჩილმა "ბისმარკის შემდეგ ყველაზე ჭკვიანი და გონიერი გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე" უწოდა, პოლიტიკური კარიერა კაიზერის გერმანიისა და ვაიმარის რესპუბლიკის პერიოდში დაიწყო, ადოლფ ჰიტლერის ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ კი, კატეგორიულად უარყო ნაციონალ-სოციალიზმი და საკუთარი ნებით დატოვა კიოლნის ობერ-ბურგომისტრის პოსტი.
თუმცა, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და ნაცისტური რეჟიმის დამარცხების შემდეგ, როცა გერმანია უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან მოკავშირეთა საჰაერო იერიშებმა ნანგრევებად აქციეს მსხვილი ქალაქები, მხოლოდ საოცრებით გადარჩენილი ქარხნების აღჭურვილობა კი, გამარჯვებულებმა რეპარაციის სახით გაზიდეს, სასოწარკვეთილ და მორალურად განადგურებულ გერმანელებს ისევ ადენაუერი ჩაუდგა სათავეში და 1949 წლის 15 სექტემბერს ახლად შექმნილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველი კანცლერი გახდა.
ადენაუერი, რომელმაც 73 წლის ასაკში ჩაიბარა კანცლერის პოსტი, გერმანიის სახელმწიფოს სამი მარცხის - 1918 წელს ვილჰელმ II-ის, 1933 წელს ვაიმარს რესპუბლიკის, 1945 წელს კი, ნაცისტური რაიხის კრახის მოწმე გახდა, ამიტომ გერმანელ ხალხთან ერთად საკუთარ თავსაც პირობა მისცა, რომ ფეხზე დააყენებდა ქვეყანას და აღარავის მიცემდა მისი დაჩაგვრის უფლებას.
პირობა ადენაუერმა მართლაც შეასრულა, რადგან სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ახალი, ძლიერი სახელმწიფო, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტია ლიდერობს ევროპაში. მართალია, კანცლერი, რომელმაც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა ანტიკომუნისტური პოზიცია, სოციალურ საბაზრო ეკონომიკას, პოლიტიკურ თავისუფლებასა და ადამიანის უფლებების დაცვას ემხრობოდა, მაგრამ მაინც მტკიცე ხელით მართავდა ქვეყანას, თუმცა მისი სიმტკიცე არა იმდენად დიქტატურას, რამდენადაც პირად ავტორიტეტსა და პოლიტიკურ წონას ემყარებოდა.
დამსახურებულ პენსიაზე ადენაუერი 1963 წელს, ქვეყნის აღმავლობისა და საკუთარი კარიერის პიკზე გავიდა, თუმცა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ისტორიაში როგორც "ახალი გერმანიის" შემქმნელმა, რადგან სწორედ მისი მმართველობის პერიოდმა შეიძინა "გერმანული ეკონომიკური საოცრების" სახელი.
* მუსტაფა ქემალ ათათურქი -
თურქი სახელმწიფო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, თურქეთის რესპუბლიკური სახალხო პარტიის დამფუძნებელი და პირველი ლიდერი, ქვეყნის პირველი პრეზიდენტი და თანამედროვე თურქული სახელმწიფოს დამაარსებელი მუსტაფა ქემალ ათათურქი 1918 წელს გამოჩნდა ასპარეზზე, როცა ოსმალეთის იმპერიის პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ სწორედ ის ჩაუდგა სათავეში ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის.
ათათურქის ღვაწლი ქვეყნის ისტორიაში მართლაც ფასდაუდებელია, რადგან სწორედ მან შეძლო სულთნის მმართველობის და საოკუპაციო რეჟიმის გაუქმება, "ერის სუვერენიტეტზე" დაფუძნებული, ახალი რესპუბლიკური წყობის სახელმწიფოს შექმნა და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, სოციალური და კულტურული რეფორმების გატარება.
ათათურქის დამსახურებებს შორისაა სასულთნოს ლიკვიდაცია და რესპუბლიკის გამოცხადება, უძველესი რელიგიური ორდენების და დე-ფაქტო აღარ არსებული სახალიფოს დე-იურე გაუქმება, სამოქალაქო განათლების რეფორმა და ჩაცმის ახალი სტილის შემოღება, ევროპული ტიპის სისხლის სამართლის და სამოქალაქო კოდექსის მიღება, ანბანის ლათინიზაცია და თურქული ენის არაბული, სპარსული ბარბარიზმებისგან გაწმენდა, რელიგიის სახელმწიფოსგან გამოყოფა და ქალებისთვის საარჩევნო უფლების მინიჭება, ტიტულების, მიმართვის ფეოდალური ფორმების გაუქმება და გვარების შემოღება, ეროვნული ბანკებისა და ინდუსტრიის შექმნა.
ათათურქმა, რომელიც მთელი 15 წელი მართვადა ქვეყანას, უზარმაზარი ავტორიტეტი და ხალხის პატივისცემა მოიპოვა. მეტიც, სწორედ მადლიერმა მოქალაქეებმა უწოდეს გაზი მუსტაფა ქემალს "ათათურქი", რაც თურქულად "ერის მამას" ნიშნავს.
* დენ სიაოპინი -
მართალია, ჩინელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ეკონომიკური რეფორმის ინიციატორი დენ სიაოპინი ფინანსთა მინისტრის თანამდებობას დასჯერდა და არასდროს გამოუთქვამს უმაღლესი პოსტის დაკავების სურვილი, მაგრამ 1970-იანი წლების ბოლოდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე სწორედ ის მართავდა ქვეყანას.
დღეს სიაოპინი, რომელიც ჩინელი პოლიტიკოსების უფროს თაობას მიეკუთნება, იმ ე.წ. "რვა უკვდავთა" ჯგუფს მიეკუთნება, რომელმაც ჩინეთის რევოლუციის ყველაზე ავტორიტეტული წარმომადგენლები გააერთიანა, რადგან "კულტურული რევოლუციის" შემდეგ პრაქტიკულად სრულად დანგრეული და გამოუცხადებელი სამოქალაქო ომის მდგომარეობაში მყოფი ჩინეთის მემკვიდრეობით გადაბარების შემდეგ, სწორედ სიაოპინი გახდა ჩინეთის ლიდერების მეორე თაობის ბირთვი. ამასთანავე, სწორედ მან შეიმუშავა ე.წ. ახალი აზროვნების ფორმა და "სოციალიზმის პრინციპი ჩინური სპეციფიკით".
თანამედროვე ჩინეთის ეკონომიკა, რომელიც მეორე ადგილზეა მსოფლიოში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, წარმატებით აგრძელებს განვითარებას. მეტიც, ეკონომიკური ზრდა იმდენად გრძელვადიანი და გეგმაზომიერი აღმოჩნდა, რომ დღეს აღარავის უკვირს, პირიქით, აბსოლუტურად ბუნებრივად მიიჩნევა აზიური ქვეყნის ლიდერობა.
მართალია, დასავლური სამყაროსთვის წარმოუდგენელია, რომ ამგვარ წარმატებას ჩინეთმა მაო ძედუნის უახლოესი თანამოაზრის წყალობით მიაღწია, რომლის ე.წ. "დიდი ნახტომის" პოლიტიკამ ჩინეთის სოფლის მეურნეობის სრული განადგურება გამოიწვია და რამდენიმე მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ სწორედ დენ სიაოპინმა შეძლო კომუნისტური ჩინეთის კაპიტალისტურ ქვეყნად გარდაქმნა და დღევანდელი რეალობის შექმნა.
* ლი კუან იუ -
სინგაპურელი პოლიტიკური მოღვაწე და სინგაპურის რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი ლი კუან იუ, რომელიც 3 ათეული წელი მართვადა ქვეყანას, უმაღლესი პოსტის დატოვების შემდეგ კი, ჯერ მემკვიდრის - გო ჩოკ ტონგის პირველი მინისტრის, მერე საკუთარი შვილის - ლი სიან ლუნის მინისტრ-მრჩევლის თანამდებობაზე მსახურობდა, რამაც საერთო ჯამში 52 წელი შეადგინა, დღეს სინგაპურის აღორძინებისა და ეკონომიკური მიღწევების სიმბოლოდ მიიჩნევა.
საკუთარი მმართველობის პერიოდში ლიმ ბრიტანეთის ჩამორჩენილი კოლონია განვითარებულ ქვეყნად აქცია დინამიურად მზარდი ეკონომიკით, ძირეული რეფორმების წყალობით კი, მერიტოკრატიული, მაღალეფექტური და ანტიკორუფციული მმართველობის უნივერსალური სისტემა შეიმუშავა, წინა პლანზე წამოსწია მულტიკულტურალიზმი, ინგლისური კი, საერთო ენად აქცია იმიგრანტების საზოგადოებაში სწრაფად ინტეგრაციისა და დასავლეთის ქვეყნებთან ვაჭრობის გასამარტივებლად, თუმცა სავალდებულო წესად შემოიღო ორენოვანი სწავლება სკოლებში მშობლიური ენისა და სინგაპურის მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შესანარჩუნებლად.
სინგაპურელი რეფორმატორი, რომელსაც ხშირად ადანაშაულებდნენ სამოქალაქო უფლებების შეზღუდვაში, რადგან მკაცრი კონტროლი დაამყარა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე და სამუდამოდ აკრძალა საზოგადოებრივი აქციები, სხვებზე უკეთ მარგარეტ ტეტჩერმა შეაფასა: "პრემიერ-მინისტრობის დროს სწორედ ლი კუან იუს სიტყვით გამოსვლებს ვუსმენდი, მერე კი, დიდხანს ვფიქრობდი და ვაანალიზებდი, რადგან ბევრ საინტერესოს და ჭკუის სასწავლებელს ამბობდა", - აღნიშნა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა.
* მარგარეტ ტეტჩერი -
კონსერვატორული პარტიის ლიდერმა, ბარონესა მარგარეტ ტეტჩერმა, რომელიც არა მხოლოდ ბრიტანეთის, არამედ ევროპული ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა, კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, რადგან კოლეგებს შორის, ყველაზე დიდხანს შეინარჩუნა ქვეყნის მმართველის თანამდებობა. „რკინის ლედის“ ზედმეტსახელი პრემიერმა ერთის მხრივ, საბჭოთა ხელისუფლების მოურიდებელი და დაუნდობელი კრიტიკის, მეორეს მხრივ, იმ მკაცრი რეფორმების წყალობით შეიძინა, რომელიც მოგვიანებით ე.წ. „ტეტჩერიზმის“ პოლიტიკის ნაწილი გახდა.
აღსანიშნავია, რომ 1970-იანი წლების ბოლოს, ერთ დროს უძლეველი ბრიტანეთი ევროპის ნამდვილ „თავის ტკივილად“ იქცა, რადგან უზარმაზარმა ინფლაციამ და პროფკავშირების გადამეტებულმა ძალაუფლებამ სერიოზული ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, ქვეყანა არა მხოლოდ შეძლებულ საფრანგეთსა და შვეიცარიას, არამედ ნაკლებად წარმატებულ იტალიასა და ესპანეთსაც ჩამორჩებოდა. მართალია, აშკარა იყო, რომ ბრიტანეთს მნიშვნელოვანი ცვლილებები სჭირდებოდა, მაგრამ ხელისუფლება მაინც მაქსიმალურად ერიდებოდა არაპოპულარული ზომების მიღებას, რაც აუცილებლად მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევდა.
სწორედ ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში ჩაიბარა ტეტჩერმა პრემიერ-მინისტრის პოსტი და ის პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმები გაატარა, რომელთაც მართალია, მასიური პროტესტი გამოიწვიეს, მაგრამ ბრიტანეთს მაინც დააძლევინეს კრიზისი.
ტეტჩერის პოლიტიკურ-ეკონომიკური ფილოსოფია მეტწილად ფინანსური სისტემის დერეგულაციას ემყარებოდა, რაც გადასახადების გაზრდას და მოქნილი შრომის ბაზრის შექმნას, სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაციას, პროფკავშირების კანონით შეზღუდვას და მათი გავლენის მაქსიმალურად შემცირებას ითვალისწინებდა. მართალია, მმართველობის პირველ წლებში მოპოვებული პოპულარობა "რკინის ლედიმ" რეცესიისა და ერთი-ორად გაზრდილი უმუშევრობის გამო დაკარგა, მაგრამ 1982 წელს ფოლკლენდის ომში გამარჯვებისა და ეკონომიკური ზრდის წყალობით, არა მხოლოდ დაიბრუნა დაკარგული პოზიციები, არამედ 1983 წლის არჩევნებშიც მოიპოვა გამარჯვება.
მესამე ვადით პრემიერის პოსტი ტეტჩერმა 1987 წელს ჩაიბარა, თუმცა მის მიერ ინიციირებულმა კანონმა, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე გადასახადის შემოღებას ითვალისწინებდა, ასევე მისმა წარმოდგენამ ბრიტანეთის როლზე ევროკავშირში, სერიოზულად შეურყია პოზიციები ჯერ კონსერვატორულ პარტიაში, მერე მთლიანად ქვეყანაში, რამაც პარტიის ლიდერობასთან ერთად პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებაც აიძულა.
* ფრანკლინ რუზველტი -
შეერთებული შტატების 32-ე პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი ერთადერთი ამერიკელი პოლიტიკოსია, ვინც ოთხჯერ იქცა არჩეული უმაღლეს პოსტზე. მმართველობის რვა წელი პრეზიდენტმა დიდი დეპრესიის შედეგად წარმოქმნილ ეკონომიკურ პრობლემებთან ბრძოლას მიუძღვნა, შემდეგი ორი ვადა კი, ჯერ ამერიკას ხელმძღვანელობდა მეორე მსოფლიო ომში, მერე ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებაში მონაწილეობდა.
პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ, რუზველტმა 100 დღეში განახორციელა უპრეცედენტო რეფორმები, შემოიღო ახალი კანონები და დეკრეტები ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად. რუზველტის ე.წ. "ახალი კურსი" მეტწილად პროფკავშირების გაძლიერებას და მინიმალური ხელფასის გაზრდას, მსხვილ მშენებლობებზე ნებაყოფლობით ან იძულებით უმუშევართა გაგზავნას ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ რუზველტმა შექმნა ის ფინანსური სისტემა, რომელმაც არა მხოლოდ გამოიყვანა ამერიკა კრიზისიდან და აქცია უძლიერეს სახელმწიფოდ, არამედ სპეციალისტების კრიტიკის მიუხედავად დღესაც ეფექტურად მუშაობს.
დიდი წვლილი შეიტანა რუზველტმა ნაცისტური რეჟიმის დამარცხებასა და მეორე მსოფლიო ომის მოკავშირეების სასარგებლოდ დასრულებაშიც. ამასთანავე, სწორედ მისი ინიციირებით დაიწყეს ამერიკელმა მეცნიერება ატომური ბომბის შექმნაზე მუშაობა, მანვე ჩაუყარა საფუძველი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ომისშემდგომი პერიოდის სხვა პოლიტიკურ-სამხედრო ინსტიტუტებს.