* კომპოზიციები, რომელთაც მუსიკის ისტორია შეცვალეს -
არსებობს ჰიტები, რომლებიც გარკვეული პერიოდით მოიპოვებენ ჩარტების ლიდერობას და მსოფლიო პოპულარობას, თუმცა არსებობს მარადიული შედევრები, რომელთაც დრო ვერაფერს აკლებს, რადგან სამუდამოდ ისტორიის ნაწილად ქცეულები არასდროს კარგავენ აქტუალურობას.
* ელვის პრესლი - That’s all right (1954) -
სწორედ ელვის პრესლის კომპოზიციით That’s all right დაიწყო როკ'ნ'როლის ისტორია, რომელიც მანამდე მხოლოდ ქანთრი-მუსიკის ნაკლებად პერსპექტიულ მიმდინარეობად ითვლებოდა. მართალია, სიმღერის ავტორობა ამერიკელ ბლუზმენს არტურ ქრაბაპს ეკუთვნის, რომელმაც 1946 წელს ჩაწერა კომპოზიცია, მაგრამ მისი შესრულება ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა.
1954 წელს, 19 წლის ელვის პრესლიმ კი, რომელიც მხოლოდ იწყებდა მუსიკალურ კარიერას, ერთგვარი ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა და ორიგინალის რიტმის შეცვლით ჩაწერა საკუთარი ვერსია. პრესლის ნამუშევარი მემფისის ხმისჩამწერი სტუდიის მფლობელმა სემ ფილიპსმა მოისმინა, რომელიც ისე აღფრთოვანდა, რომ პრაქტიკულად აიძულა მემფისის რადიოწამყვანს მისი ეთერში გაშვება და არც შეცდა, რადგან სიმღერამ არნახული პოპულარობა მოიპოვა და როკ'ნ'როლის ეპოქის ერთგვარ მაუწყებლად იქცა.
* პოლ მაკარტნი - Yesterday (1965) -
გინესის რეკორდების წიგნის მონაცემებით, Yesterday - ყველაზე გადამღერებული კომპოზიციაა, რადგან ორიგინალის 3 ათასზე მეტი ქავერ-ვერსია გაკეთდა, 2000 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად კი, რომელიც, კომპოზიციის 35 წლის იუბილეს მიეძღვნა, Yesterday სულ მცირე 7 მილიონჯერ გაჟღერდა სხვადასხვა რადიოს ეთერში.
პოლ მაკარტნის განცხადებით, სიმღერის მელოდია მან სიზმარში მოისმინა მეგობარი გოგონას ჯეინ ეშერის მშობლების სახლში სტუმრობისას. "ბოლო სართულის პატარა ბინაში ვცხოვრობდი, ჩემს ოთახში იდგა პიანინოც. ერთ დილას უცნაური მუსიკით გავიღვიძე, რომელიც ძალიან ჰგავდა ჯაზურ მელოდიას. მამას უყვარდა ჯაზი, ხშირად უსმენდა და ჩავთვალე, რომ ერთ-ერთი კომპოზიცია გამახსენდა. პიანინოზე რამდენიმე აკორდი მოვუძებნე, მერე კი, ყველგან ვუკრავდი, სადაც შევძლებდი და ვინტერესდებოდი ვინმეს ხომ არ ეცნობოდა, რადგან ვერაფრით ვიჯერებდი, რომ სიზმარში სიმღერის დაწერა შეიძლებოდა", - გაიხსენა მოგვიანებით მუსიკოსმა.
კომპოზიციაზე მუშაობა რამდენიმე თვე გაგრძელდა, რადგან მაკარტნის შესაფერისი ჟღერადობის მოძიება გაუჭირდა. საბოლოოდ მუსიკოსმა უარი თქვა ინსტრუმენტების გამოყენებაზე და სიმღერა მხოლოდ გიტარის აკომპანიმენტით ჩაწერა. აღსანიშნავია, რომ Yesterday - ერთადერთი კომპოზიცია Beatles-ის შემოქმედებაში, რომლის ჩაწერაში ჯგუფის მხოლოდ ერთმა წევრმა მიიღო მონაწილეობა, არანჟირება კი, მხოლოდ აკუსტიკური გიტარით გაკეთდა.
ჯონ ლენონი - Imagine (1971) -
მართალია, 1971 წელს გამოსული Imagine, რომელიც იდეალურ სამყაროზე ჯონ ლენონის წარმოდგენის ერთგვარ განსახიერებად იქცა, ბევრმა კომუნისტურ მანიფესტად მიიჩნია, მაგრამ თუმცა თავად მუსიკოსის განცხადებით, ის არც კომუნისტებს მიეკუთნებოდა, არც მათ იდეებს იზიარებდა.
1971 წელს სიმღერამ ვერც ამერიკაში შეძლო პოპულარობის მოპოვება, ვერც ბრიტანეთში და მხოლოდ მესამე პოზიციას დასჯერდა ჩარტებში, თუმცა შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტის ჯიმი კარტერის განცხადებით, Imagine, რომელიც თავისუფლების ერთგვარ ჰიმნად იქცა, იმდენად აქტუალური აღმოჩნდა სხვა ქვეყნებში, რომ ეროვნულ ჰიმნზე ხშირად უსმენდნენ. ნამდვილი აღიარება კომპოზიციამ მხოლოდ 1980 წელს, ლენონის გარდაცვალებამდე 12 დღით ადრე მოიპოვა, როცა მასზე შექმნილი კლიპი გამოვიდა.
დღეს სიმღერაც და კლიპიც, რომელიც ლენონის უკანასკნელ ვიდეოდ იქცა, საკულტოს სტატუსით სარგებლობს. მეტიც, Imagine მუსიკოსის კომერციულად ყველაზე წარმატებული კომპოზიციაა, რომელიც 1,7-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა ბრიტანეთში და 200-ზე მეტმა მუსიკოსმა შეასრულა საკუთარი ინტერპრეტაციით, 2012 წელს ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე გაჟღერების შემდეგ კი, მეორე სიცოცხლე შეიძინა და პირველი პოზიციით დაბრუნდა ბრიტანულ ჩარტში.
მაიკლ ჯექსონი - Billie Jean
დღეს უკვე კლასიკად ქცეული კომპოზიცია Billie Jean, მაიკლ ჯექსონის თავგამოდებულ თაყვანისმცემელს მიეძღვნა, რომელიც ჯიუტად ირწმუნებოდა, თითქოს მუსიკოსი მისი შვილის მამა იყო, გაუთავებლად წერდა წერილებს და ცდილობდა მასთან შეხვედრას. ჯექსონი იშვიათად საუბრობდა მომაბეზრებელ თაყვანისმცემელზე, რადგან ძალიან წუხდებოდა გადაჭარბებული ყურადღებით და მანიაკალური ინტერესით მისი პერსონის მიმართ. მუსიკოსის პროდიუსერის ქუინსი ჯონსის განცხადებით, სწორედ სიმღერით გამოხატა ჯექსონმა საკუთარი დამოკიდებულება ზედმეტად აქტიური ფანების მიმართ და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ Billie Jean მსოფლიო ჰიტი გახდებოდა.
სხვათა შორის, სწორედ Billie Jean-ის სცენაზე შესრულებისას წარმოადგინა ჯექსონმა თავისი ცნობილი moonwalk, რომელიც მოგვიანებით მის სავიზიტო ბარათად იქცა. სიმბოლური დატვირთვა შეიძინა სიმღერის კლიპმაც, რადგან 1986 წელს MTV-ის ეთერში გასული შავკანიანი შემსრულებლის ერთ-ერთი პირველი ვიდეო გახდა.
* Queen - The Show Must Go On (1990) -
კომპოზიცია The Show Must Go On, რომელიც ბრაიან მეიმ შექმნა ფრედი მერკურისთან თანაავტორობით, Queen-ის უკანასკნელ ალბომში Innuendo-ში შევიდა. ალბომზე მუშაობისას, შიდსით დაავადებული მერკურის ჯანმრთელობა საგრძნობლად დამძიმდა, ამიტომ ჯგუფის წევრები შიშობდნენ, რომ საერთოდ ვერ შეძლებდა სიმღერის ჩაწერას.
The Show must go on, რომელიც ბოლო - მე-12 ნომრით შევიდა ალბომში, მართლაც ბოლოს, ყველა კომპოზიციის შემდეგ ჩაიწერა და უკანასკნელ ნამუშევრად იქცა მერკურისთვის, რომელმაც მეის თქმით, "ნაკუწებად აქცია სიმღერა და პირველსავე მცდელობით ჩაწერა". დამძიმებული ჯანმრთელობის გამო მერკურიმ ვერც კლიპში შეძლო მონაწილეობა, ამიტომ სიმღერის ოფიციალურ ვიდეოდ Queen-ის სხვა კომპოზიციების კლიპების ერთგვარი კოლაჟი გაკეთდა. კრიტიკოსების და ჯგუფის ფანების მტკიცებით, სწორედ მოახლოებული სიკვდილის გრძნობამ აიძულა მერკურის სიმღერის ასე ემოციურად, თითქოს უკანასკნელ ამოსუნთქვაზე შესრულება.