თურქეთის დედაქალაქში, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. BBC-ს ცნობით, ტერაქტი აეროკოსმოსური კომპანია TUSAŞ-ის ობიექტზე მოხდა. ორმა ადამიანმა - ქალმა და კაცმა შენობის შესასვლელთა ცეცხლი გახსნეს. სროლას კომპანიის 4 თანამშრომელი და 1 ტაქსის მძღოლი ემსხვერპლა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი ერლიკაიას განმარტებით, ორივე თავდამსხმელი „ნეიტრალიზებულია“. მინისტრი მათ ქურთ მეამბოხეთა ჯგუფთან აკავშირებს, თუმცა ამ დრომდე ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. თავდასხმის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თურქეთის საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში “ქურთისტანის მუშათა პარტიის” ობიექტებზე დარტყმები განახორციელა. უწყების ცნობით, საჰაერო თავდასხმის შედეგად ტერორისტების კუთვნილი 32 სამიზნე „წარმატებით განადგურდა“.