თბილისში თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პარტიის მხარდამჭერების აქცია 19:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით, საათნახევარს გაგრძელდა. შეკრება "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის შვილის - ბერა ივანიშვილის სიმღერით და სიტყვით გამოსვლით დასრულდა. მანამდე, აუდიტორიას ბიძინა ივანიშვილმა მიმართა, რომელმაც აქამდე გაჟღერებული გზავნილები კიდევ ერთხელ გაიმეორა. მან "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდზე ისაუბრა და მათი აკრძალვის საჭიროებაზეც გაამახვილა ყურადღება. ივანიშვილმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ უთხრა, რომ “ოჯახური ღირებულებების დაცვის საკითხის" კონსტიტუციაში ასახვისთვის, მათ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ. "ქართული ოცნების" შემაჯამებელ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მხარდამჭერების ნაწილი რეგიონებიდან ჩამოვიდა. აქციის გამართვის გამო გადაიკეტა თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი. მმართველი პარტია მხარდამჭერთა რაოდენობით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბერს დამაჯერებლად გაიმარჯვებს.