აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთმა მოლდოვაში არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩაშლისთვის ყველაფერი გააკეთა,, რათა ქვეყნის დემოკრატიისთვის ძირი გამოეთხარა. მისივე თქმით, რუსეთი ჩარევას მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშიც შეეცდება. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ 20 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხმების 42,25% მიიღო, ხოლო ალექსანდრე სტოიანოგლომ 25,98%. მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ისინი ერთმანეთს 3 ნოემბერს დაუპირისპირდებიან. ამასთან, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ოქმების 100%-ის დამუშავების შემდეგ მიღებული მონაცემებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი რეფერენდუმში მონაწილეების 50,39%-მა დაუჭირა.