საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. თუმცა, მხოლოდ რეკორდული იმპორტის ხარჯზე, რადგან საქართველოდან ექსპორტი შემცირებულია. უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში ქვეყნებს შორის მილიარდ 427 მილიონი დოლარის ვაჭრობა შედგა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ვაჭრობის მოცულობა მილიარდ 258 მილიონი დოლარი იყო. ამასთან, წელს 9 თვეში საქართველოდან ჩინეთში დაახლოებით 233 მლნ დოლარის პროდუქცია გაიგზავნა, ძირითადად მადნები და ძვირფასი ლითონების კონცენტრატები და სანელებლები. რაც შეეხება იმპორტს, წელს 9 თვეში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ჩინეთიდან საქართველომ თითქმის მილიარდ 200 მილიონი დოლარის პროდუქცია იყიდა, რაც წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ყველაზე დიდი რაოდენობით ჩინეთიდან ჰაერის კონდიცირების მოწყობილობები შემოვიტანეთ, ასევე სატვირთო ავტომობილები და გამოთვლითი მანქანები და მათი ბლოკები.