ყირგიზეთიდან ფულადი გზავნილები 111%-ით გაიზარდა, რაც აჩენს ეჭვს, რომ ეს ფული საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტს ხმარდება - Palitra News

ყირგიზეთიდან ფულადი გზავნილები 111%-ით გაიზარდა, რაც აჩენს ეჭვს, რომ ეს ფული საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტს ხმარდება

2024-10-22 14:06:59+04:00

ყირგიზეთიდან ფულადი გზავნილები 111%-ით გაიზარდა, რაც აჩენს ეჭვს, რომ ეს ფული საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტს ხმარდება. PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის, გიორგი ხიშტოვანის განმარტებით, სქემა ასე მუშაობს; მცირე ბიზნესი ყირგიზეთიდან თანხებს რიცხავს საქართველოში, აქ ხდება მანქანების შეძენა, მათი ტრანსპორტირება ყაზახეთსა და ყირგიზეთში და იქიდან ნაწილის რეექსპორტი რუსეთში. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, საქართველოში სულ 283 მილიონ 385 ათასი დოლარის ფულადი გზავნილები განხორციელდა, აქედან 9 მილიონ დოლარზე მეტი ყირგიზეთზე მოდის. მართალია, მთლიან გზავნილებში ყირგიზეთის წილი დაბალია, თუმცა თავად ყირგიზეთიდან გადმორიცხვები წლიურად საკმაოდ მნიშვნელოვნად - 111.5%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ყაზახეთს, იქიდან სექტემბერში 8 მლნ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც წლიურად 56%-იან კლებაზე მიუთითებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ყირგიზეთში განხორციელებული ექსპორტის უდიდესი ნაწილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. მაგალითისთვის, წელს საქართველომ ყირგიზეთში დაახლოებით 838 მლნ დოლარის, 23 209 ერთეული ავტომობილი გავიდა, გასულ წელს კი ფაქტობრივად ამის ნახევარი. რაც შეეხება ყაზახეთს, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან თითქმის 635 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, გასული წლის იმავე პერიოდში კი 503 მილიონი დოლარის. ამ შემთხვევაშიც უდიდესი ნაწილი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტზე მოდიოდა.