* ალბერტ აინშტაინი -
ალბერტ აინშტაინმა, რომელიც 1921 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვდა ფიზიკის დარგში, დიდი ხანია დაიმკვიდრა ადგილი კაცობრიობის ისტორიაში. გერმანელ-შვეიცარიელმა ფიზიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ ერთის მხრივ, იმ სამეცნიერო ნაშრომებით გაითქვა სახელი, რომელთაც თანამედროვე თეორიულ ფიზიკას ჩაუყარეს საფუძველი, მეორეს მხრივ კი, კომუნიკაბელურობის, სიცოცხლის ხალისისა და იმ საოცარი მომხიბვლელობის წყალობით, რამაც მეცნიერების ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად და პოპულარულ პერსონად აქცია.
* გონებრივად ჩამორჩენილი -
უცნაურია, მაგრამ ბავშვობაში მომავალი მეცნიერი ნაკლებად გამოირჩეოდა საზრიანობით. მეტიც, მშობლები შიშობდნენ, რომ პატარა ალბერტი საგრძნობლად ჩამორჩებოდა თანატოლებს გონებრივ განვითარებაში, რადგან მხოლოდ 3 წლისამ დაიწყო ლაპარაკი და ისიც იძულებით. აინშტაინი ჯერ დიდხანს ბურტყუნებდა გაუგებრად, მერე კი, დამარცვლით დეკლარირებდა მოკლე ფრაზებს.
* კარგი მოსწავლე -
გავრცელებული აზრი, თითქოს აინშტაინს სკოლაშიც ძალიან გაუჭირდა სწავლა, სინამდვილეში მცდარია, რადგან პრაქტიკულად ყველა საგანი ერთნაირად კარგად აითვისა. თუმცა, კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული კამათის გამო მოზარდი ალბერტი პირველივე კლასიდან აითვალიწუნეს პედაგოგებმა, რომლებიც ხშირად მარცხდებოდნენ მასთან "სიტყვიერ დუელში", ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მომავალმა მეცნიერმა ვერც საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი მიიღო.
ციურიხის ფედერალურ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც ახალგაზრდებს 18 წლიდან იღებდნენ, აინშტაინმა 16 წლის ასაკში ჩააბარა, სწრაფად "გამონახა საერთო ენა" საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან და ისწავლა ლათინური. სწორედ პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლისას წაიკითხა ალფრედმა ევკლიდეს მთავარი ნაშრომი "საწყისები" და კანტის "წმინდა გონების კრიტიკა", რომელთაც ინტელექტუალები ბევრად მოწიფულ ასაკში კითხულობენ.
* საყვარელი გატაცება -
მეცნიერი აბსოლუტურად გულგრილი იყო სპორტული აქტივობების მიმართ, რადგან "კუნთებით მუშაობას ისევ გონებრივი ვარჯიში ერჩივნა". ერთადერთ გამონაკლისად ნაოსნობა იქცა, რომელსაც მთელი ცხოვრების გატაცება მიიჩნევდა. აინშტაინს ძალიან უყვარდა სრულ მარტოობაში იახტით მოგზაურობა, რადგან მხოლოდ ასე ახერხებდა დასვენებას და როგორც თავად ამბობდა "თავისა და ფიქრების განიავებას". ამასთანავე, ბრწყინვალედ უკრავდა ვიოლინოზე, რაც მისთვის განტვირთვის კიდევ ერთ საშუალებას წარმოადგენდა, სავიზიტო ბარათად ქცეული ჩიბუხი კი, პირიქით, კონცენტრირებასა და აზრების მოკრებაში ეხმარებოდა.
* მექალთანე გენიოსი -
ბრწყინვალე სამეცნიერო მიღწევების მიუხედავად, აინშტაინი არასდროს ჰგავდა იმ განდეგილ, საკუთარ თავში ჩაკეტილ მეცნიერებს, რომელთაც მთელი ცხოვრება კვლევას მიუძღვნეს. პირიქით, ბრწყინვალე იუმორის გრძნობისა და კომუნიკაციის არაჩვეულებრივი უნარის პატრონი ყოველთვის სწრაფად პოულობდა საერთო ენას გარშემომყოფებთან და განსაკუთრებით ქალბატონებთან. მექალთანე აინშტაინი, რომელსაც მისივე ბიოგრაფების მტკიცებით, ექვსი სერიოზული რომანი და მრავალრიცხოვანი გატაცებები ჰქონდა, თვითონაც სიმპათიით სარგებლობდა ქალბატონების მხრიდან, ამიტომ გასაკვირი არაა, მის რომანტიკულ ისტორიებსა და სასიყვარულო წერილებზე, კუზინასთან ქორწინებაზე, ღალატსა და მტკივნეულ დაშორებაზე რამდენიმე წიგნი და ფილმი შეიქმნა.
* სპეცსამსახურების თვალთვალი -
მემარცხენე შეხედულებების გამო აინშტაინი ამერიკაში გადაბარგებისთანავე იქცა სპეცსამსახურების სამიზნედ. მეტიც, მეცნიერს, რომელსაც გამოძიების ფედერალური ბიურო საბჭოთა ჯაშუშად მიიჩნევდა და ქვეყნიდან დეპორტაციასაც უპირებდა, წლების მანძილზე უთვალთვალებდნენ ფარულად, აკონტროლებდნენ მის მიმოწერას და აყურადებდნენ სატელეფონო საუბრებს, ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა 1955 წელს აინშტაინის გარდაცვალების შემდეგ, მისმა საქმემ 1427 გვერდი შეადგინა.
* ბირთვული იარაღი -
ბევრი თვლის, რომ აინშტაინი აქტიურად მონაწილეობდა ბირთვული იარაღის შექმნაში და მხოლოდ მისი პოტენციალური საფრთხის გააზრების შემდეგ შეუერთდა განიარაღებისთვის ბრძოლის მოძრაობას. სინამდვილეში, მეცნიერი, რომელსაც სპეცსამსახურები საბჭოთა ჯაშუშად მიიჩნევდნენ და მაქსიმალურად აკონტროლებდნენ, ახლოსაც არ გააკარეს ე.წ. მანჰეტენის პროექტს, რომლის მიზანს ამერიკული ატომური ბომბის შემუშავება წარმოადგენდა. თუმცა, სწორედ აინშტაინის წყალობით შეიქმნა ცნობილი პროექტი, რომელმაც 1939 წელს წერილი მისწერა ფრანკლინ რუზველტს და აცნობა, რომ გერმანია აქტიურად აწარმოებდა კვლევებს ბირთვული ჯაჭვური რეაქციის სფეროში.
* სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი -
აინშტაინი არა მხოლოდ მილიტარიზმის წინააღმდეგ ილაშქრებდა, არამედ სამოქალაქო უფლებებისთვისაც აქტიურად იბრძოდა. ღიად აკრიტიკებდა რასიზმს და ამერიკის პოლიტიკას, 1931 წელს შეერთებულ შტატებში პირველი ვიზიტისას, მეცნიერი "სკოტსბოროს ბიჭების" სახელით ცნობილ აფროამერიკელ ახალგაზრდებს იცავდა, რომლებიც შეცდომით დაადანაშაულეს სექსუალურ ძალადობაში, 1933 წელს ამერიკაში გადაბარგების შემდეგ კი, აქტიურად იყენებდა საკუთარ სტატუსს თანასწორობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში. წერდა მოხსენებებს, სიტყვით გამოდიოდა NAACP-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე და მაქსიმალურად ცდილობდა აბორიგენი ინდიელების დაცვას ხელისუფლების თავდასხმებისგან. გარკვეულწილად, სწორედ საკუთარი სამოქალაქო პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების გამო აითვალწუნა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, რომელიც თანასწორობის იდეას კომუნისტურ იდეებთან აიგივებდა.
* ფარდობითობის თეორია -
მართალია, აინშტაინის მთავარ მიღწევად ფარდობითობის თეორიის აღმოჩენა ითვლება, მაგრამ ის ერთადერთი არ იყო, ვინც ამგვარ კვლევას ატარებდა, რადგან ამავე თემაზე მუშაობდა ცნობილი გერმანელი მათემატიკოსი დევიდ ჰილბერტიც (David Hilbert). მეცნიერებს აქტიური მიმოწერა ჰქონდათ გამართული და მუდმივად უზიარებდნენ ერთმანეთს საკუთარ იდეებსა და ძიების შედეგებს. მეტიც, ფარდობითობის ზოგადი თეორიის საბოლო განტოლება კოლეგებმა განსხვავებული მეთოდებით, თუმცა პრაქტიკულად ერთდროულად გამოიყვანეს.
მეტიც, არსებობს ვერსია, თითქოს ჰილბერტმა ხუთი დღით ადრე ამოხსნა საკუთარი განტოლება, თუმცა გამოქვეყნება აინშტაინმა დაასწრო და სწორედ ამიტომ მოიპოვა აღიარება. მსგავსი ვერსია ათწლეულების მანძილზე ინარჩუნებდა აქტუალურობას, თუმცა 1997 წელს ჰილბერტის ნაშრომების მოძიების შემდეგ ნათელი გახდა, რომ მეცნიერს რამდენიმე სერიოზული შეცდომა გაეპარა, რომელთა გამოსწორება მხოლოდ აინშტაინის პუბლიკაციის შემდეგ შეძლო. აღსანიშნავია, რომ თავად მეცნიერები არასდროს კამათობდნენ, არც პირველობაში ეცილებოდნენ ერთმანეთს, არც ფარდობითობის თეორიის ავტორობაში.
* პრაქტიკული გამოგონებები -
ფიზიკის სფეროში თეორიულ აღმოჩენებთან ერთად აინშტაინის ანგარიშზეა რამდენიმე პრაქტიკული გამოგონებაც, რადგან სწორედ მან შექმნა მაცივრის კონსტრუქცია მოძრავი ნაწილების გარეშე, რომელიც არა ელექტროენერგიის, არამედ დაბალი სიმძლავრის გამახურებელი მოწყობილობების ენერგიას ხარჯზე მუშაობდა.
1930 წელს პატენტი საკუთარ გამოგონებაზე აინშტაინმა საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის მწარმოებელ შვედურ კომპანიას Electrolux-ს მიჰყიდა, თუმცა ფირმამ გაურკვეველი დროით გადადო "აინშტაინის მაცივრის" წარმოება, რადგან სწორედ იმ პერიოდში მოიპოვა პოპულარობა კომპრესორულმა მოწყობილობამ, მეცნიერის იდეით შექმნილი ერთადერთი სამუშაო ეგზემპლარისგან კი, რომელიც უკვალოდ გაქრა, მხოლოდ ფოტოები შემორჩა.
* ვერ შემდგარი პრეზიდენტი -
მართალია, 1952 წელს, ისრაელის პირველი პრეზიდენტის ჰაიმ ვაიცმანის გარდაცვალების შემდეგ სწორედ აინშტაინს შესთავაზეს უმაღლესი პოსტის დაკავება, მაგრამ მეცნიერმა უარი თქვა მეტად მაცდუნებელ შეთავაზებაზე, რადგან როგორც თავად აღნიშნა, "ობიექტურად შეაფასა შესაძლებლობები და მიხვდა, რომ აბსოლუტურად არ ჰქონდა ქვეყნის მართვის გამოცდილება".
* გენიოსის უცნაური ჩვევები -
რა თქმა უნდა, გენიოსები ყოველთვის უცნაურობებით ხასიათდებიან და არც აინშტაინია გამონაკლისი. მეცნიერს ძალიან არ უყვარდა კბილების გახეხვა, რადგან თვლიდა, რომ "ჯაგრისს ალმასის გაბურღვაც შეეძლო, ერთ ადგილას სისტემატური ხახუნით კი, სარგებლის ნაცვლად, მხოლოდ კბილის საფარს აზიანებდა". ჭირვეულობის მიუხედავად პირველმა მეუღლემ - მილევა მარიჩმა მაინც შეაჩვია ალბერტი ჰიგიენის ნორმების დაცვას.
ამასთანავე, აინშტაინს ძალიან არ უყვარდა წინდების ჩაცმა, რომელთაც "სამოსის აბსოლუტურად უსარგებლო ელემენტს" უწოდებდა, მაქსიმალურად ერიდებოდა მათ ტარებას და ამტკიცებდა, თითქოს "წინდები მის თავისუფლებას ზღუდავდნენ".
აქტიური ცხოვრების მიუხედავად, აინშტაინს ძალიან უყვარდა ძილი. მეცნიერს სულ მცირე 10 საათი ეძინა ღამით, დღისით კი, რამდენიმე საათით ისვენებდა და ირწმუნებოდა, რომ სწორედ ძილში მუშაობდა ყველაზე ნაყოფიერად, რადგან იმ ურთულეს ამოცანებს ხსნიდა, რომელთაც ფხიზელი ვერ ერეოდა.
* ანდერძი და მემკვიდრეობა -
ალბერტ აინშტაინი 1955 წლის 18 აპრილს გარდაიცვალა ნიუ-ჯერსიში, საკუთარ სახლში. მართალია, ანდერძად მეცნიერმა ერთგვარი ინსტრუქცია დატოვა და გარდაცვალების შემდეგ კრემაცია და ფერფლის საიდუმლოდ გაფანტვა მოითხოვა, რათა მისი ცხედარი სამეცნიერო კვლევის ობიექტად არ ქცეულიყო, მაგრამ პათოლოგანატომმა ტომას ჰარვიმ, რომელმაც ნაკლებად გაითვალისწინა მეცნიერის სურვილები, უნებართვოდ გამოიკვლია მისი ტვინი. თუმცა, მისმა მონდომებამ არ გაამართლა, კვლევა კი უშედეგო აღმოჩნდა, რადგან არ დადასტურდა აინშტაინის ჭკუის უნიკალურობა.
საერთო ჯამში აინშტაინმა არა მხოლოდ რამდენიმე ფუნდამენტური ფიზიკური თეორია შეიმუშავა, არამედ 300-ზე მეტი ნაშრომი მიუძღვნა თეორიულ ფიზიკას, 150 წიგნი და სტატია გამოაქვეყნა ფილოსოფიის, ისტორიისა და პუბლიცისტიკის სფეროში.
* აინშტაინის ცნობილი ამოცანა -
აინშტაინის სახელს უკავშირდება ძალიან საინტერესო ლოგიკური ამოცანა, რომელსაც ლეგენდის თანახმად, მეცნიერი მომავალი ასისტენტების შერჩევისას მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების შესამოწმებლად იყენებდა. რა თქმა უნდა, ნებისმიერს შეუძლია სცადოს ლოგიკური პასუხის მოძიება, თუმცა ითვლება, რომ თავსატეხის ამოხსნა ადამიანების მხოლოდ 2%-ს შეუძლია.
ამოცანა -
დამატებითი ინფორმაცია მეტი სიცხადისა და ამოცანის ამოხსნისთვის - ქუჩაზე დგას ხუთი სახლი, ხუთივე განსხვავებული ფერისაა, სახლებში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ, რომელთაც განსხვავებული ცხოველები ჰყავთ, განსხვავებულ სასმელს სვამენ და განსხვავებული მარკის სიგარეტს ეწევიან.
ინგლისელი ცხოვრობს წითელ სახლში.
ესპანელს ჰყავს ძაღლი.
მწვანე სახლში სვამენ ყავას.
უკრაინელი სვამს ჩაის.
მწვანე სახლი თეთრი სახლის მარჯვნივ დგას.
ის, ვინც Old Gold-ს ეწევა ლოკოკინებს აშენებს.
ყვითელ სახლში Kool-ს ეწევიან.
ცენტრალურ სახლში რძეს სვამენ.
ნორვეგიელი პირველ სახლში ცხოვრობს.
Chesterfield-ის მწეველის მეზობელს მელა ჰყავს.
სახლში, რომლის მეზობლად ცხენი ჰყავთ, Kool-ს ეწევიან.
ის, ვინც Lucky Strike-ს ეწევა ფორთოხლის წვენს სვამს.
იაპონელი Parliament-ს ეწევა.
ნორვეგიელი ლურჯი სახლის გვერდით ცხოვრობს.
შეკითხვა - ვინ სვამს წყალს? ვის ჰყავს ზებრა?
სწორი პასუხი - 1) წყალს სვამს ნორვეგიელი, რომელიც ყვითელი ფერის, პირველ სახლში ცხოვრობს და Kool-ს ეწევა. 2) ზებრა ჰყავს იაპონელს, რომელიც მწვანე ფერის მეხუთე სახლში ცხოვრობს, სვამს ყავას და ეწევა Parliament-ს.