სოული - მუსიკის პოპულარული ჟანრია, რომელიც 1950-აიანი წლების ბოლოს შეიქმნა ამერიკის აფროამერიკულ კულტურაში გოპელისა და რიტმ'ენდ'ბლუზის გაერთიანებით. სხვა მუსიკალური ჟანრებისგან განსხვავებით, სოული ვოკალზე აქცენტირებითა და იმპროვიზირებული შესრულებით ხასიათდება. მოგვიანებით, სწორედ სოულის გავლენით შეიქნა ფანკი, ჰიპ-ჰოპი და თანამედროვე რიტმ'ენდ'ბლუზი.
* არეტა ფრანკლინი - I Never Loved a Man The Way I Love You -
1967 წელს გამოსული ალბომი I Never Loved a Man The Way I Love You, არა მხოლოდ არეტა ფრანკლინის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად, არამედ სოულის კლასიკად იქცა, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოუტანა მუსიკოსს. ნაკრები 84-ე პოზიციით მოხვდა ჟურნალ Rolling Stone-ის "ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის" ნუსხაში, კომპოზიცია Resресt კი, რომელმაც ფრანკლინს "გრემის" ორი პრემია მოუტანა, მისი პირველი საერთაშორისო ჰიტი, მოგვაინებით კი, თანასწორობისთვის მებრძოლი მოძრაობის არაოფიციალური ჰიმნი გახდა.
* ეტა ჯეიმსი - Tell Mama -
17 წლის ეტა ჯიმსმა, რომლის დებიუტი 5 წლის ასაკში შედგა, არა უბრალოდ დაიპყრო მილიონიანი პუბლიკა, არამედ ბლუზის ვოკალური სტანდარტები განსაზღვრა, რომელიც დღემდე ეტალონად ითვლება "შავი მუსიკალური ჟანრების" შემსრულებელი ყველა ქალბატონისთვის. კარიერის მანძილზე ჯეიმსმა "გრემის" 6 პრემია და Blues Music Awards 7 ჯილდო დაიმსახურა. ამასთანავე, 1984 წელს მუსიკოსმა ოლიმპიადა გახსნა ლოს-ანჯელესში, სამი წლის შემდეგ ჩაკ ბერის მუსიკალურ ფილმში Hail! Hail! Rock’n’roll! მიიღო მონაწილეობა, მისი მეხუთე ალბომი Tell mama კი, რომელიც 1968 წელს ჩაიწერა, გამოსვლისთანავე იქცა ჰიტად.
* დასტი სპრინგფილდი - Dusty in Memphis -
1960-იან წლებში დასტი სპრინგფილდმა, რომელიც Beatles-სა და Rolling Stones-ს გაუტოლდა პოპულარობით, ნამდვილი რევოლუცია მოახდინა ბრიტანულ მუსიკაში. მეხუთე სტუდიური ალბომი Dusty in Memphis, მუსიკოსმა 1969 წელს, ამერიკის სამხრეთში, მეტწილად მემფისში მოგზაურობისას ჩაწერა ცნობილი ლეიბლის Atlantic Records-ის პროდიუსერებთან ერთად, რომლებიც სპრინგფილდს პირველი "ნამდვილი სოულ-ალბომის" ჩაწერაში დაეხმარნენ. ნაკრებმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და სხვადასხვა მუსიკალური რეიტინგის ლიდერი გახდა. აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია Son of a Preacher Man, რომელმაც 1994 წელს, კვენტინ ტარანტინოს ფილმის "კრიმინალური საკითხავის წყალობით" შეიძინა მეორე სიცოცხლე, სწორედ ამ ალბომიდანაა.
* შადე - The best of Sade -
სადებიუტო ალბომი ნიგერიელმა მუსიკოსმა შადე ადუმ, რომლიც ბრიტანულ კოლჩესტერში გაიზარდა, 1984 წელს ჩაწერა მისივე ინიციატივით რამდენიმე წლით ადრე შექმნილი ჯგუფის Sade-ს შემადგენლობაში. საერთო ჯამში ჯგუფმა ალბომების 23 მილიონი ასლი გაყიდა ამერიკაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეალიზებულმა ჩანაწერებმა კი, 50 მილიონს გადააჭარბა. წარმატება შადემ პირველ რიგში, საკუთარი ეგზოტიკური გარეგნობისა და მგრძნობიარე, მეტად ეფექტური შესრულების მანერის წყალობით მოიპოვა. 1994 წელს მუსიკოსმა ნაკრები The best of Sade გამოუშვა, რომელმაც 10 წლის მანძილზე შექმნილი კომპოზიციები გააერთიანა და ერთგვარ შემაჯამებელ ალბომად იქცა.
* უითნი ჰიუსტონი - I’m Your Baby Tonight, 1990 -
ხუთოქტავიანი დიაპაზონის უნიკალური ხმის პატრონი უითნი ჰიუსტონი აფროამერიკული სულის საუკეთესო ტრადიციების ერთგვარ განსახიერებად ითვლება. მართალია, კომპოზიცია I Will Always Love You დღესაც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სინგლია მსოფლიო მუსიკის ისტორიაში, მაგრამ 7 სტუდიური ალბომის მფლობელი ჰიუსტონის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად მაინც ალბომი I’m Your Baby Tonight ითვლება. ლირიულმა კომპოზიციებმა 1990 წელს გამოსული ნაკრებიდან სამ წელს ზედიზედ მოიპოვეს "გრემის" ნომინაცია, სინგლები I’m Your Baby Tonight და All the Man That I Need კი, ლიდერის პოზიციით დაწინაურდნენ Billboard Hot 100-ის ჩარტში.
* ჩაკა ხანი - Chaka Khan -
მართალია, მსოფლიო მელომანები ნაკლებად იცნობენ ჩაკა ხანს, რომელმაც 1970-იან წლებში ფანკ-ჯგუფის Rufus-ის შემადგენლობაში მოიპოვა პოპულარობა, მაგრამ სამშობლოში "გრემის" ათგზის ლაურეატს უდიდეს პატივს სცემენ და "ფანკის დედოფლად" მოიხსენიებენ. თითქმის 40-წლიანი კარიერის მანძილზე ხანმა პრაქტიკულად ყველა მუსიკალურ ჟანრში მოსინჯა შესაძლებლობები - დისკოთი და სოულით დაწყებული, ჯაზით და გოსპელით დამთავრებული, თუმცა ყველაზე წარმატებული მისთვის მაინც ფანკი აღმოჩნდა. მეოთხე სტუდიური ალბომი Chaka Khan, რომელიც მუსიკოსმა 1982 წელს გამოუშვა და მეტწილად სოულის ჟანრში წარმატებული ექსპერიმენტები გააერთიანა, დღესაც მისი კარიერის საუკეთესო ნამუშევრად და ყველაზე გაყიდვად ალბომად რჩება.
* ემი უაინჰაუსი - Back to black -
ემი უაინჰაუსის ხმას ხშირად ადარებენ მეისი გრეის, ელა ფიცჯერალდისა და სარა ვოანის ვოკალს, რაც აბსოლუტურად გამართლებულია. მეტიც, რომ 1960-ანი წლების ამერიკულ მუსიკაში უაინჰაუსი არა მხოლოდ შემოქმედებით, არამედ ვიზუალურ შთაგონებასაც ეძებდა. სწორედ გასული საუკუნის 60-აინი წლების ესთეტიკის გავლენად იქცა მისი მოცულობითი ვარცხნილობა და მაკიაჟი - ე.წ. "ნახშირისფერი ისრები" თვალებზე. უაინჰაუსმა, რომელიც 2000-იანი წლების ბრიტანული სოულის წამყვან მუსიკოსად ითვლება, მხოლოდ ორი ალბომის ჩაწერა მოასწრო. სწორედ 2007 წელს გამოსული მეორე და უკანასკნელი ნაკრები Back to black იქცა უაინჰაუსის საუკეთესო ნამუშევრად, მით უფრო, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სინგლში Rehab, მუსიკოსმა პირველად აღიარა საჯაროდ ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, კომპოზიცია Back to Black, მასზე შექმნილ კლიპთან ერთად კი, რომელშიც თავად მუსიკოსი მიუძღვება სამგლოვიარო პროცესიას ერთგვარ წინასწარმეტყველებად იქცა 27 წლის ასაკში გარდაცვლილი უაინჰაუსისთვის.
* ალიშა კისი - Songs in A Minor, 2001
თუ არეტა ფრანკლინი "სოულის დედოფლადაა" მიჩნეული, მაშინ ალისა კისს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ჟანრის "პრინცესა". პირველმა ალბომმა Songs in A Minor, რომელიც 10-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა მთელ მსოფლიოში, მუსიკოსს "გრემის" 5 პრემია მოუტანა. აღსანიშნავია, რომ სადებიუტო კომპოზიცია Fallin’ კისმა ალბომის გამოსვლამდე 3 წლით ადრე, 17 წლის ასაკში დაწერა და სწორედ მისი წყალობით დაიმსახურა კრიტიკოსების მოწონება, რომელთაც ახალგაზრდა მუსიკოსს ბრწყინვალე მომავალი უწინასწარმეტყველეს.