სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები სამხრე კამერებით აღიჭურვნენ, ხოლო სამსახურის ავტომანქანებში ვიდეოგადაღების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით გამჭვირვალე გამოძიების წარმოების საუკეთესო მოდელს წარმოადგენს. ახალი სისტემა საგამოძიებო ორგანოს მისცემს საშუალებას, გამოძიების პროცესში მოიპოვოს ვიდეო მტკიცებულებები, დაამკვიდროს გამოძიების წარმოების თანამედროვე სტანდარტები, უწყვეტი ვიდეომონიტორინგის გზით უფრო მეტად დაცული გახადოს დაკავებული პირების უფლებები და ამ გზით უზრუნველყოს მაღალი ხარისხით საგამოძიებო პროცესის წარმართვა. სამხრე კამერების და ვიდეორეგისტრატორის გამოყენების წესი წარმატებული საერთაშორისო საგამოძიებო პრაქტიკის შესწავლის შედეგად შემუშავდა და იგი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცდა.