ოქროს ფასმა სექტემბერში ახალი რეკორდი მოხსნა - Palitra News

ოქროს ფასმა სექტემბერში ახალი რეკორდი მოხსნა

2024-10-10 13:48:02+04:00

ოქროს ფასმა სექტემბერში ახალი რეკორდი მოხსნა. გასული თვის განმავლობაში, ოქროს ფასი მხოლოდ ერთ თვეში 5.2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „გალტ ენდ თაგარტის“ ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი. კვლევის თანახმად, ძვირფასმა მეტალმა სექტემბრის ოთხივე კვირაში შეძლო ახალი რეკორდი დაემყარებინა, რაც საპროცენტო განაკვეთების კლების, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის და ინდური მოთხოვნის შედეგი იყო. ეს კი თავის მხრივ დივალის ფესტრივალს უკავშირდება. ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიუხედავად, ოქროს ფასი ზრდას განაგრძობდა. ახლა როცა კლების ციკლი დაიწყო, ძვირფასმა მეტალმა ფასის ზრდის ახალი ფაქტორი შეიძინა. აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა სექტემბერში განაკვეთები 50 საბაზისო პუნქტით შეამცირა. მოგვიანებით, აშშ-ს მაკროეკონომიკურმა მონაცემებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში მომხმარებელთა განწყობის ყველაზე დიდი შემცირება აჩვენა, რაც ფედერალური რეზერვის მხრიდან ახალი შემცირების წინაპირობა შეიძლება იყოს. ტრეიდერები წლის ბოლომდე აშშ-ს განაკვეთების 75 საბაზისო პუნქტით კლებას ელიან. დამატებით, ევროპის ცენტრალური ბანკიც განაგრძობს კლების ციკლს და სექტემბერში განაკვეთები 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა. მსხვილ ეკონომიკებში კლებადი განაკვეთები, ოქროს ფასისთვის დადებითი ტენდენციაა, რადგან ის უფრო კონკურენტული ხდება დაბალგანაკვეთიან სახაზინო ობლიგაციებთან შედარებით. შესაბამისად, სექტემბრის ბოლოს, ინვესტორებში ოქროს ყიდვის პოზიციები 4-წლიან მაქსიმუმამდეა გაზრდილი,“ - აღნიშნულია ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაში.