* ჩარლზ ლუის ტიფანი -
მართალია, დღეს ერთ-ერთი ყველაზე რესპექტაბელური ბრენდის, ფუფუნების სიმბოლოდ ქცეული Tiffany-ის ყოველწლიური შემოსავალი რამდენიმე მილიარდ დოლარს აჭარბებს, მაგრამ თითქმის ორი საუკუნის წინ, საიუველირო ბრენდის ისტორია სულ რაღაც 1000 დოლარით დაიწყო, რომელიც ჩარლზ ლუის ტიფანიმ მამისგან ისესხა, რათა კომპანიონთან ერთად დაეწყო საკუთარი საქმე.
* * *
ჩარლზ ლუის ტიფანი 1812 წლის 15 თებერვალს დაიბადა კონექტიკუტის შტატის პატარა ქალაქ კილინგლიში მსხვილი მეწარმის, ტექსტილის ფაბრიკების, წისქვილებისა და სასურსათო მაღაზიების მფლობელის კომფორტ ტიფანის ოჯახში. მართალია, ჩარლზის მშობლები არასდროს უჩიოდნენ ფინანსურ პრობლემებს, მაგრამ ტიფანი მაინც ადრეული ასაკიდანვე ცდილობდა სასარგებლო საქმის კეთებასა და ფულის საკუთარი შრომით შოვნას. გაკვეთილების შემდეგ 15 წლის მოზარდი მამის საბაყლოში გარბოდა და ნებისმიერ სამუშაოს თანხმდებოდა, რასაც დაავალებდნენ, 18 წლისა კი, უკვე ოჯახის კუთვნილ წისქვილებს მეურვეობდა. დაწყებითი განათლება ჩარლზმა ადგილობრივ სასწავლებელში მიიღო, მერე კი, პლეინფილდის აკადემიაში გადაინაცვლა.
* * *
1837 წელს, 25 წლის ტიფანიმ 1000 დოლარი ისესხა მამისგან და სკოლის მეგობართან ჯონ იანგთან ერთად წამოიწყო საკუთარი საქმე - "საკვირველი წვრილმანების და საკანცელარიო ნივთების" პატარა მაღაზია გაიხსნა. მოგვიანებით კომპანიონებს ჯონის და - ოლივია ავენ იანგიც შეუერთდა, რომელიც ჩარლზს ერთი ნახვით შეუყვარდა და მალე ცოლობაც სთხოვა.
მართალია, პირველი დღის შემოსავალმა სულ რაღაც 4,98 დოლარი შეადგინა, მაგრამ მაღაზიამ სწრაფად შეიცვალა პროფილი, საგალანტერეო და საკანცელარიო ნივთები ჩინურმა ფაიფურმა, ნახევრად ძვირფასმა ფრანგულმა სამკაულმა, ვერცხლის ნაკეთობებმა ჩაანაცვლეს და საქმეც დაიძრა. მაღაზიამ სწრაფად გაიჩინა მუდმივი კლიენტები, რომელთა შორის მრავლად იყვნენ არისტოკრატები და მეწარმეები, ცნობილი პერსონები და მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები.
* * *
1851 წელს კომპანიამ, რომელიც აქცენტს ამჯერად უკვე ძვირფას მეტალებზე აკეთებდა, პირველმა დაამკვიდრა სტერილური ვერცხლის სტანდარტი - სინჯი 925, რომელიც მალე შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა და ოფიციალურად დაწესდა. სწორედ Tiffany&Young იყო პირველი ფირმა კონტინენტზე, ვინც ორიგინალური ჭურჭელი და დახვეწილი სამკაული შექმნა ვერცხლისგან, შეძლებული კლიენტების დაკვეთით კი, ინდივიდუალურად დაამზადა სკივრების საკეტები, გასაღებები და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, სწორედ გასაღები გახდებოდა ბრენდის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო.
* * *
1953 წელს ჩარლზ ტიფანიმ პარტნიორისგან გამოისყიდა წილი და კომპანიის ერთპიროვნული მმართველი გახდა. მოგვიანებით კი, საკუთარი მაღაზიის ფასადზე, ცენტრალური შესასვლელის თავზე ძველბერძნული მითოლოგიის პერსონაჟის - ატლასის გიგანტური სტატუა აღმართა, რომელსაც მხრებით ეჭირა უზარმაზარი საათი. აღსანიშნავია, რომ სტატუა დღესაც ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობის ნუსხაში შედის, თავად პერსონაჟი კი, ვერცხლისა და ოქროს სამკაულის ახალი კოლექციის Atlas-ის შთაგონებად იქცა. კოლექციამ სწრაფად მოიპოვა აღიარება მთელ მსოფლიოში და დღემდე ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლება.
Tiffany&Co-ს განახლებული ბრენდი, სწრაფად გახდა ჯერ ამერიკული, მერე ევროპული ელიტის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ნამდვილ ტრიუმფად კი, 1867 წელს პარიზში გამართული საერთაშორისო გამოფენა იქცა, სადაც ბრენდმა არა უბრალოდ მთავარი პრიზი მოიპოვა უმაღლესი ხარისხის ვერცხლის ნაკეთობებისთვის, არამედ განსაზღვრა და სამუდამოდ დაამკვიდრა უმაღლესი სტანდარტი, რომელსაც თვითონაც ინარჩუნებს და კონკურენტებსაც აიძულებს.
თუმცა, ელიტარულ პუბლიკას ნაწარმის ხარისხზე მეტად, მისი ნოვატორული დიზაინი უფრო ხიბლავდა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან Tiffany-ის ოსტატები ყოველთვის განსხვავებულ მოტივებზე, ორიგინალური სიუჟეტებით ქმნიდნენ საკუთარ ნაკეთობებს და ვირტუოზულად ახორციელებდნენ ნებისმიერი სირთულის მხატვრულ იდეას.
* * *
1877 წელს, აფრიკაში, კემპბელის საბადოზე მოპოვებული 287,42 კარატის უზარმაზარი ყვითელი ალმასი ჩარლზ ტიფანიმ იმ პერიოდისთვის ასტრონომიულ თანხად - 18 ათას დოლარად შეიძინა. ერთი წლის შემდეგ კი, ცნობილმა გემოლოგმა ჯორჯ კუნცმა საკუთარ თავზე აიღო მისი დაწახნაგება და წარმატებითაც განახორციელა ჩანაფიქრი. კუნცმა საიუველირო ხელოვნების ნამდვილი შედევრი "Tiffany-ს ალმასი" შექმნა, რომელიც 150 კარატზე მეტს იწონიდა და რეკორდული - 90 წახნაგი ჰქონდა. ალმასი გენიოსი გემოლოგის ერთგვარ საჩუქრად იქცა, რომლითაც მან Tiffany-სთან მრავალწლიანი თანამშრომლობის დასაწყისი აღნიშნა.
უნიკალურმა ალმასმა ჩარლზ ტიფანის "ბრილიანტის მეფის" ტიტული მოუტანა, რომელიც მან საფრანგეთის სამეფო ოჯახის კოლექციის მეტად იშვიათი ექსპონატის - უძვირფასესი სამკაულის შეძენით გაამყარა, უკვე დამუშავებული ბრილიანტი კი, ჯერ ლეგენდარულ ფილმში "საუზმე ტიფანისთან" გაბრწყინდა, მერე ბროშად გადაკეთდა. დღეს რამდენიმე მილიონად შეფასებული უნიკალური ქვა, ნიუ-იორკში, Tiffany-ს სათავო მაღაზიაში იწონებს თავს.
* * *
1958 წელს ტრუმენ კაპოტეს რომანი "საუზმე ტიფანისთან" გამოქვეყნდა, რომელიც ცნობილმა მწერალმა და ყოფილმა ჟურნალისტმა საყვარელ ბრენდს მიუძღვნა. რამდენიმე წლის შემდეგ რომანი რეჟისორმა ბლეიკ ედვარდსმა გააცოცხლა ეკრანზე. მართალია, ჰოლი გოლაითლის როლში კაპოტეს მხოლოდ მერლინ მონროს ხილვა სურდა, მაგრამ ედვარდსმა ოდრი ჰეპბერს მიანდო მთავარი პერსონაჟის განსახიერება და არც შეცდა. ორმაგი სარგებელი ნახა Tiffany-მაც, რადგან ერთის მხრივ უფასო რეკლამა გაიკეთა, მეორეს მხრივ, უმშვენიერესი ოდრო ჰეპბერნი აქცია სამუდამოდ ბრენდის სახედ.
ყვითელი ბრილიანტით დამშვენებულ ბრწყინვალე კოლიეზე ჟან შლუმბერჟემ იმუშავა, რომელმაც მოგვიანებით იგივე ქვისგან ბროში Bird on а Rock შექმნა, Tiffany-ის 175 წლის იუბილეს კი, ფანტასტიკური ბრილიანტის კოლიე მიუძღვნა იმავე Tiffany Diamond-ის გამოყენებით.
* * *
მე-20 საუკუნეში Tiffany & Со-ს იუველირებმა რამდენიმე ახალი მინერალი წარუდგინეს მსოფლიოს და ნოვატორული აღმოჩენებით დაიმკვიდრეს ადგილი დაწახნაგებასა და საიუველირო ტექნიკის სფეროში. 1902 წელს მსოფლიომ კუნციტი - მოვარდისფრო-იასამნისფერი ქვა გაიცნო, 1967 წელს მოლურჯო-იისფერმა ტანზანიტმა გაითქვა სახელი, 1974 წელს კი, ცავორიტის მწვანე გრანიტმა მოიპოვა პოპულარობა.
თუმცა, Tiffany & Со-მ საიუველირო ხელოვნების თაყვანისმცემლები არა იმდენად ახლად აღმოჩენილი ქვებით მოხიბლა, რამდენადაც ბრილიანტის დამაგრების ახალი და ორიგინალური მეთოდით - ბეჭდის სტანდარტული მოდელისგან განსხვავებით, რომელშიც ქვა ყოველთვის ბუდეში იყო მოთავსებული, Tiffany & Со-ს დიზაინერებმა პუბლიკას ე.წ. "კლანჭებში" ჩასმული ბრილიანტი შესთავაზეს. გადაწყვეტილება მართლაც რევოლუციური აღმოჩნდა, რადგან სრულყოფილად გახსნილმა და ახლებურად გაბრწყინებულმა ძვირფასმა თვალმა არა მარტო ამერიკელი, არამედ მთელი მსოფლიოს ქალბატონების გული დაიპყრო.
* * *
ბრენდის კიდევ ერთი ცნობილ სიმბოლოდ იქცა Tiffany Setting-ის ბეჭედი, რომლის ესკიზი პირველად 1886 წელს გამოჩნდა ცნობილ კატალოგში Blue Book-ში და აღფრთოვანებასთან ერთად მასიური აჟიოტაჟიც გამოიწვია. სხვათა შორის, რამდენიმე წლის შემდეგ ამერიკის მომავალმა პრეზიდენტმა, იმ პერიოდში კი, რიგითმა პოლიტიკოსმა ფრანკლინ რუზველტმა სწორედ Tiffany Setting-ის ბეჭდით შესთავაზა მომავალ პირველ ლედის ცოლობა. ულამაზესი ბეჭედი მართლაც ნებისმიერი ახალგაზრდა გოგონას ოცნებად და ნიშნობის საუკეთესო საჩუქრად ითვლება, მით უფრო, თუ ის საფირმო ფირუზისფერ ყუთშია მოთავსებული.
* * *
Tiffany & Со ერთადერთი ბრენდია, რომელსაც საკუთარი დაპატენტებული ფერი - Tiffany Blue აქვს, ექსკლუზიური ნომრით 1837-ით. შენაძენის ორიგინალურად შეფუთვის და ყუთის თეთრი ბაფთით შეკვრის იდეა თავად ჩალზ ტიფანის ეკუთვნის, კატალოგი კი, რომელიც პირველად 1845 წელს გამოქვეყნდა და თითქმის 20 წლის მანძილზე შეგროვილი ძვირფასი ქვების სოლიდურ კოლექციას მოუყარა თავი, დღემდე გამოდის.
სხვათა შორის, პირველმა სწორედ Tiffany-მ შესთავაზა მომხმარებელს უფასო სასაჩუქრე შეფუთვა, მოგვიანებით კი, უსასყიდლოდ გაუგზავნა მუდმივ კლიენტებს საკუთარ ნაკეთობათა კატალოგი. ორიგინალური კატალოგი დღესაც ერთგვარი სასიამოვნო ბონუსია, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს ინტერესს ბრენდის ნაწარმის მიმართ, საიუველირო იმპერიის ფუძემდებლის ნოუ-ჰაუ - სანუკვარი ყუთი თავისი საჩუქრით კი, ფუფუნებისა და მატერიალური კეთილდღეობის სიმბოლოდ ითვლება.
* * *
არ ჩამორჩა მამას არც უმცროსი ტიფანი, რომელმაც ჯერ მარკ ტვენის კოტეჯის, მერე თეთრი სახლის ინტერიერის დიზაინზე იმუშავა, რადგან ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჩესტერ ალან არტურმა უარი თქმა რეზიდენციაში გადაბარგებაზე რემონტის გაკეთებამდე. ლუის კომფორტი, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დეკორატორადაა მიჩნეული, ერთნაირი წარმატებით მუშაობდა როგორც მინასა და ვერცხლზე, ისე მოზაიკასა და კერამიკაზე, ქმნიდა ავეჯს, ვიტრაჟებსა და პანოებს არ-დეკოს სტილში, მის გამოგონებას - ფავრილის მინას კი, დიდი ხანია იყენებენ პარფიუმერები სუნამოს ფლაკონად.
მამის გარდაცვალების შემდეგ ლუის კომფორტ ტიფანიმ კომპანიაში დიზაინის სპეციალური განყოფილება შექმნა, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გამოჩნდა პირველად ბრენდის საიუველირო კოლექციებში ძვირფასი ქვებით შექმნილი მცენარეები, მწერები და დიდი ხნით განისაზღვრა საავტორო დიზაინის სტილი.
* * *
1956 წელს კომპანიაში ჟან შლუმბერჟე მივიდა, რომელიც მანამდე ელზა სკიაპარელის კოსტიუმების ორიგინალურ ღილებზე მუშაობდა. შლუმბერჟეს ინდივიდუალურობა პირველსავე კოლექციებში გამოვლინდა და მსოფლიოს ყველაზე მოდური და რესპექტაბელური ქალბატონების - ჯეკი კენედის, ელიზაბეტ ტეილორის და დიანა ვრილანდის მოწონება დაიმსახურა.
1974 წელს Tiffany-ს ელზა პერეტი შეუერთდა. სწორედ მას ეკუთვნის Bone-ის ცნობილი სამაჯურის იდეა, რომელიც ზუსტად იმეორებს მაჯის ანატომიურ ნაკეცებს. არანაკლებ შთამბეჭდავი აღმოჩნდა მისი ფუტურისტული ბეჭდების, მოწნული ოქროს კოლიე-ჰალსტუხების და გრძელი ძეწკვების კოლექცია ბრილიანტით Diamonds by the Yard-ით.
1980 წელს Tiffany-მ პალომა პიკასოსთან გადაწყვიტა თანამშრომლობა. ცნობილი მხატვრის ქალიშვილმა Tiffany-ის კოლექციაში ნათელი ფერები და რომანტიკული ფორმები შეიტანა, მისი სადებიუტო კოლექცია კი, რომელმაც გრაფიტის ტექნიკით შესრულებული წარწერებით დამშვენებული ორიგინალური სამკაული გააერთიანა, შეყვარებული გოგონების სანუკვარ საჩუქრად იქცა.
საინტერესო იდეები აღმოჩნდა ფრანჩესკა ამფიტეატროფსაც, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში ჩაუდგა სათავეში Tiffany-ს დიზაინერულ განყოფილებას და ახალი, მეტად ლაკონური კოლექცია Tiffany Т შექმნა სტილიზებული ლიტერა "Т "-ს დატანით ოქროსა და ვერცხლის უხეშ სამაჯურებზე. მასვე ეკუთვნის კოლექცია The Art of Sea, რომელმაც ოკეანის თემაზე შექმნილი ორიგინალური სამკაული შესთავაზა პუბლიკას და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბრენდი არც ახალ ათასწლეულში გეგმავს საიუველირო ლიდერის პოზიციის დათმობას.