* ყველა დროის საუკეთესო დუეტები -
მუსიკოსების ნაწილი, ვისაც წარმატებული სოლო კარიერა აქვს, ნაკლებად ინტერესდება კოლეგებთან დუეტის შექმნით, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც პირიქით, ექსპერიმენტებისა და მუდმივად სიახლის ძიების სურვილით თანამშრომლობს მეგობარ მუსიკოსებთან. მართალია, განსხვავებული სტილისა და ჟანრის შემსრულებლების კოლაბორაციით ხშირად ძალიან საინტერესო პროექტები იბადება, მაგრამ იდეალურ დუეტებს მხოლოდ ერთეულები ქმნიან.
* ჯორჯ მაიკლი და არეტა ფრანკლინი - I Knew You Were Waiting (For Me)
ჯორჯ მაიკლისა და არეტა ფრანკლინის უნიკალურმა პროექტმა, რომელიც მხოლოდ ერთხელ განხორციელდა, არა მხოლოდ მაიკლს მისცა ოცნების ასრულების საშუალება, რომელიც დიდხანს ნატრობდა სოულის დედოფალთან თანამშრომლობას, არამედ განსხვავებული თაობისა და სტილის მუსიკოსები გააერთიანა. მართალია, კრიტიკოსები საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდნენ მუსიკოსების წამოწყებას, მაგრამ მაიკლმა და ფრანკლინმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მუსიკის სამყაროში საზღვრები არ არსებობს.
კომპოზიცია I Knew You Were Waiting (For Me) მაიკლმა შექმნა 1986 წელს ბრიტანელ მუსიკოსთან საიმონ კლაიმსთან ერთად, თუმცა დუეტმა არ გაამართლა. ერთი წლის შემდეგ მაიკლი შემთხვევით გადააწყდა ძველ ნამუშევარს და მცირე შესწორებების შეტანის შემდეგ ფრანკლის შესთავაზა თანამშრომლობა. მუსიკოსის განცხადებით, მან მხოლოდ უიმედოდ მოსინჯა ბედი, რადგან ნაკლებად სჯეროდა, რომ სიულის დედოფალი მის შეთავაზებას მიიღებდა.
თუმცა, მუსიკოსს ორმაგად გაუმართლა, რადგან არა მხოლოდ ფრანკლინის თანხმობა მიიღო, არამედ ერთი შეხედვით მარცხიანმა სიმღერამაც წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვა. მეტიც, I Knew You Were Waiting (For Me) მაიკლის მესამე სოლო ჰიტი გახდა კომპოზიციების Careless Whisper-სა და A Different Corner-ის შემდეგ, რომელმაც პირველი პოზიციიდან აიღო სტარტი ბრიტანულ ჩარტში. იღბლიანი აღმოჩნდა დუეტი ფრანკლინისთვისაც, რადგან 1968 წლის ჰიტის I Say a Little Prayer-ის შემდეგ პირველად მოხვდა ბრიტანული ჩარტის საუკეთესო ათეულში.
* ბილ მედლი და ჯენიფერ უორნსი - (I’ve Had the) Time of My Life
პოპულარული კომპოზიტორების ფრენკი პრივეტისა და ჯონ დენიკოლას კომპოზიციის (I’ve Had the) Time of My Life წყალობით ჯენიფერ უორნსმა კიდევ უფრო გაიმყარა "საუნდთრეკების დედოფლის" სტატუსი, რომელიც 1980-იანი წლების დასაწყისში შეიძინა.
მართალია, უორნსისა და ბილ მედლის დუეტის წარმატების არც ამ შემთხვევაში სჯეროდა არავის, მით უფრო, რომ ჯგუფის Righteous Brothers-ის ვოკალისტი აბსოლუტურად განსხვავებულ ჟანრში მუზიცირებდა და ნაკლები ენთუზიაზმით შეხვდა უორნსის შეთავაზებას, მაგრამ რისკი ისევ გამართლებული აღმოჩნდა. კომპოზიციამ, რომელიც მელოდრამის "ბინძური ცეკვების" ფინალური ეპიზოდისთვის შეიქმნა, სწორედ ფილმის წყალობით მიპოვა პოპულარობა. სიმღერა არა მხოლოდ 4 კვირა ლიდერობდა Billboard Hot 100-ის ჩარტში, არამედ დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო საუნდთრეკად და ყველაზე რომანტიკულ კომპოზიციად, მედლისა და უორნსის კოლაბორაცია კი, ყველაზე წარმატებულ დუეტად ითვლება.
* მარვინ გეი და ტამი ტერელი - Ain’t No Mountain High Enough -
კომპოზიცია Ain’t No Mountain High Enough 1966 წელს შექმნა ნიკოლას ეშფორდისა და ვალერი სიმპსონის ოჯახურმა ტანდემმა, რომელთა შთაგონებად საკუთარი გამოცდილება და ნიუ-იორკში გადაბარგებით მიღებული პირველი შთაბეჭდილებების იქცა.
აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში ყველასთვის უცნობ კომპოზიტორთა წყვილს არც Motown Records-ის პოპულარულ ლეიბთან ჰქონდა კონტრაქტი გაფორმებული, ამიტომ სწორედ ახლად შექმნილ კომპოზიციაზე ამყარებდა მთელ იმედებს. მართალია, თავიდან სიმღერის შესრულება დასტი სპრინგფლდს უნდოდა, მაგრამ ავტორებმა უარი გაისტუმრეს მუსიკოსი, რადგან საკუთარი ნამუშევრის იმ შემსრულებლისთვის გადაბარება სურდათ, ვინც მისგან ნამდვილ ჰიტს შექმნიდა.
კომპოზიცია, რომელმაც მოგვიანებით არნახული წარმატება მოიპოვა, პირველმა მარვინ გეისა და ტამი ტერელის დუეტმა ჩაწერა. მუსიკოსებმა ცალ-ცალკე იმუშავეს საკუთარ ვოკალურ პარტიებზე, რომლებიც მოგვიანებით გაერთიანდა ერთიან სიმღერაში. დუეტმა სრულად გაამართლა ავტორების იმედი, რადგან კომპოზიცია არა მხოლოდ R&B- ჩარტის ლიდერი გახდა, არამედ წლების მანძილზე შეინარჩუნა აქტუალურობა. მართალია, მოგვიანებით, სხვა მუსიკოსებმაც, მათ შორის დაიანა როსმაც გამოუშვა საკუთარი, ორიგინალისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ვერსია, მაგრამ სწორედ გეისა და ტერელის შესრულებული კომპოზიცია მოხვდა როკ'ნ'როლის დიდების დარბაზში.
* Queen და დევიდ ბოუი - Under Pressure -
Under Pressure, რომელიც დღესაც Queen-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევრად ითვლება, ფრედი მერკურიმ შექმნა 1984 წელს, დევიდ ბოუვიმ კი, მცირე შესწორებებითა და ბასგიტარის პარტიის დამატებით დახვეწა კომპოზიცია.
სინგლი, რომელიც 1981 წელს ჩაიწერა, გამოსვლისთანავე ბრიტანული ჩარტების ლიდერი გახდა და უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა. საინტერესოა კომპოზიციის კლიპიც, რომელიც დევიდ მალეტის წყალობით შეიქმნა. რეჟისორი მანამდეც ინტენსიურად თანამშრომლობდა როგორც ბოუისთან, ისე Queen-თან, თუმცა მუსიკოსების მოუცლელობის გამო დამოუკიდებლად გადაწყვიტა ვიდეოზე მუშაობა და მეტად შთამბეჭდავი ვიდეო შექმნა ერთგვარი "ზეწოლის თემით" გაერთიანებული ქრონიკალური დოკუმენტური კადრების გამოყენებით.
სხვათა შორის, სიმღერა არასდროს შესრულებულა კოლექტიურად პუბლიკაზე. მართალია, 1985 წელს, საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში Live Aid-ში Queen-იც მონაწილეობდა და დევიდ ბოუიც, მაგრამ მუსიკოსების ტანდემი მაინც არ შედგა. მეტიც, ბევრმა საერთოდ არაფერი იცის წარმატებული დუეტის შესახებ, რადგან Queen-ის საკონცერტო ტურნეს თრეკ-ლისთში Under Pressure 1981 წელს, გამოსვლისთანავე მოხვდა, ბოუიმ კი, რომელმაც 1992 წელს, ფრედი მერკურის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე შეასრულა სიმღერა ენი ლენოქსთან ერთად, მხოლოდ 1996 წელს შეიტანა კომპოზიცია საკუთარ რეპერტუარში.
აღსანიშნავია, რომ 2000 წელს, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, რომელშიც 190 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, Under Pressure-მ მეათე პოზიცია მიპოვა ათასწლეულის საუკეთესო კომპოზიციების რეიტინგში.