უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტში მას „პოლიტიკური ინტიფადა“ მოუწყვეს. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც უნგრეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტებზე საუბრობდა. ევროპარლამენტში ორბანის გამოსვლას დეპუტატების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. ორბანის განცხადებით, ევროდეპუტატებისგან კრიტიკა არ გაჰკვირვებია, თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტის ბრალდებებმა მისი გაოცება გამოიწვია, რადგან ევროკომისია ნეიტრალურ ორგანოდ მიაჩნდა. ორბანმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა უკრაინაში ომის დასრულების ევროკავშირის სტრატეგია და განაცხადა, რომ ეს უკრაინის დამარცხებას გამოიწვევს. მისივე თქმით, თუ ევროკავშირს უკრაინის დამარცხება არ სურს, პირდაპირ და ირიბ დიპლომატიას უნდა მიმართოს.