ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო. რეზოლუციის მთავარი საკითხები კი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმებას ეხება. მმართველ პარტიაში წინასაარჩევნო პროცესში ჩარევის მორიგ მცდელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ოპოზიციისთვის კი ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი ღია განაცხადია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში.