საქართველოსათვის მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება გზაგასაყარი გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ, - ამის შესახებ საუბარია რეზოლუციის პროექტში „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, რომელსაც გერმანიის ბუნდესტაგმა კენჭი 10 ოქტომბერს უნდა უყაროს.
რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ბოლოდროინდელი ცვლილებები, რომლებიც ზრდიან მმართველი პარტიის გავლენას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ისევე, როგორც ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მხარდასაჭერად, მომავალი საპარლამენტო არჩევნების თანასწორობას და თავისუფლებას ეჭვქვეშ აყენებს.
„შეტევები დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, ეე.წ. „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის უარყოფითი გავლენა მათ შრომისუნარიანობაზე, საარჩევნო კანონმდებლობის ბოლოდროინდელი ცვლილებები, რომლებიც ზრდიან მმართველი პარტიის გავლენას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ისევე, როგორც ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მხარდასაჭერად, მომავალი საპარლამენტო არჩევნების თანასწორობას და თავისუფლებას ეჭვქვეშ აყენებს. საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს არაძალადობრივ და სამართლიან გარემოში, რომელიც საშუალებას იძლევა პოლიტიკის შინაარსებზე პატივისცემით და მშვიდობიანად კონცენტრაციის საშუალებას. საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა, ევროსაბჭოს და ეუთოს წევრმა სახელმწიფომ, თავისი მოქალაქეების ინტერესებში, პატივი უნდა სცეს და დაიცვას დემოკრატიული არჩევნების ეს ძირეული პრინციპები. ამის ფონზე, გერმანიის ბუნდესტაგი მიესალმება საქართველოს მიერ ODIHR-ის მიწვევას საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად. საერთაშორისო თანამეგობრობა მოწოდებულია, ზედმიწევნით დააკვირდეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში დემოკრატიული პრინციპების დაცვას. გერმანიის ბუნდესტაგი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებში“, - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.