ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი, ის ნამდვილად არის გლობალური მშვიდობის პარტია, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, პიტერ ფიშერმა გერმანიის 3 ოქტომბერს, გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას დიპლომატმა საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობა 30 წელზე მეტს ითვლის. ის არის ფართო და ღრმა, დაფუძნებულია დემოკრატიასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის იდეაზე.
გასულ წელს მე აქ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიდექი. ის ხაზგასმით აღნიშნავდა ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ხარისხს. მე მას დავეთანხმე, თუმცა გავაფრთხილე იმ რისკის შესახებ, როგორიცაა ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება“, - განაცხადა მან.
პეტერ ფიშერის თქმით, გერმანიას არ სურს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩაერიოს, ამიტომაც ღონისძიებაზე პარლამენტის წევრები და პოლიტიკური პარტიების ლიდერები არ მიიწვიეს.
„წელს, ალბათ, შენიშნავდით, ღონისძიებაზე ჩვენ არ მოგვიწვევია საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და პოლიტიკური პარტიების არცერთი ლიდერი. რატომ? ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ არ ვერევით 26 ოქტომბრის არჩევნებში“,- აღნიშნა ელჩმა.