ევროკავშირის უმაღლესი ორგანო გეგმავს გაიმეოროს, რომ საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსი ქვეყნის ევროინტეგრაციას აფერხებს და მას მოუწოდოს, რომ დემოკრატიული რეფორმები განახორციელოს. ეს ირკვევა ევროპული საბჭოს უახლოესი შეხვედრის სამუშაო დოკუმენტიდან, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო. ევროპული საბჭო აერთიანებს ევროპის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც წელიწადში ოთხჯერ ხვდებიან ერთმანეთს და ევროკავშირის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავენ. ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრა ბრიუსელში 17 და 18 ოქტომბერს გაიმართება. სამუშაო დოკუმენტში საქართველოს შესახებ კიდევ ორ ჩანაწერს ვხვდებით. მათგან პირველში ნათქვამია, რომ ევროკავშირი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების „თავისუფალ და სამართლიან“ გარემოში ჩატარებას ელის, მეორეში კი ხაზგასმულია ევროკავშირის „ურყევი მხარდაჭერა“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.