ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასსთან“ ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ღაზას სექტორში, დასავლეთ სანაპიროსა და ლიბანში ოპერაციების შესახებ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა.
ამ მონაცემების თანახმად, ომის დაწყებიდან ღაზას სექტორში ლიკვიდირებულია „ჰამასის“, დაახლოებით, 17 000 მებრძოლი და ეს მაჩვენებელი არ მოიცავს „ჰამასის“ იმ 1 000 მებრძოლს, რომლის ლიკვიდაციაც 7 ოქტომბერს ისრაელში განხორციელდა. ამასთან, ისრაელელმა ჯარისკაცებმა ომის დაწყებიდან ღაზის სექტორში 40 300-მდე სამიზნეს დაარტყეს და 4 700 გვირაბი აღმოაჩინეს.
რაც შეეხება ლიბანს, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანში 800-ზე მეტი ტერორისტი, ძირითადად „ჰეზბოლას“ წევრების ლიკვიდაცია განახორციელეს და დაჯგუფების 11 000-მდე პოზიციას დაარტყეს.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელის მიმართულებით 26 000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. აქედან 13 200 - ღაზის სექტორიდან, 12 400 - ლიბანიდან, 60 -სირიიდან, 180 -იემენიდან, 400 - ირანიდან.
თავდაცვის ძალების მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ 728 ისრაელელი ჯარისკაცი, რეზერვისტი და უსაფრთხოების ოფიცერი დაიღუპა და 4 576 დაიჭრა. აქედან 346 ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, ერთი წლის წინ, 7 ოქტომბერს, ისრაელში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და დაახლოებით 1200 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა, დახოცეს, 250-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს და ღაზაში გადაიყვანეს. ისრაელმა ამ თავდასხმას ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის დაწყებით უპასუხა, რომლის მიზანიც, მათი განმარტებით, „ჰამასის“ რეჟიმის დამხობა, მისი სამხედრო შესაძლებლობების მოშლა და მძევლების გათავისუფლებაა.