ჰაიტიში, შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, 70 ადამიანი დაიღუპა. Reuters-ის ცნობით, შეიარაღებული დაჯგუფების წევრები ქალაქ პონტ-სონდეში შეიჭრნენ და სულ მცირე, 70 ადამიანი მოკლეს, ხოლო 6000-ზე მეტმა ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „გრან გრიფის“ ლიდერმა, ლაქსონ ელანმა აიღო და განაცხადა, რომ ეს მშვიდობიან მოსახლეობაზე შურისძიება იყო, რადგან ისინი არაფერს აკეთებდნენ, როცა პოლიცია მისი დაჯგუფების წევრებს ებრძოდა. ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა, გარი კონილმა განაცხადა, რომ დაუცველი ქალების, მამაკაცებისა და ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი ეს საშინელი დანაშაული არა მხოლოდ დაზარალებულებზე თავდასხმა, არამედ მთლიანად ჰაიტელ ხალხზე თავდასხმაა.