26 ოქტომბრის არჩევნებს ვუყურებთ, როგორც შესაძლებლობას ქართველი ამომრჩევლისთვის - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში საუბრობს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასა და მასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ რეაგირებას ეხმაურება. პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა და ტერიტორიის 20%-ი ამ დრომდე ოკუპირებულია. შტატებში აღნიშნავენ, რომ ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელია, ასევე ქართველი ხალხის მისწრაფებისადმი ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ. შეგახსნებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გასულ კვირას თქვა, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოს მის „მეზობლებთან“ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს.