ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ მდებარე სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დასასვენებელი სივრცე თბილისის მერმა, კახა კალაძემ გახსნა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, 7 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, სარწყავი და გარე განათების სისტემა, დამონტაჟდა შადრევანი, ვიდეომონიტორინგის კამერები, საბავშვო-გასართობი ატრაქციონები და ტრენაჟორები. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მსგავსი პროექტების განხორციელება გაგრძელდება.