აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ პოზიციებზე ათობით დარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, დარტყმების სამიზნეებს შეიარაღების სისტემები, ბაზები და სხვა აღჭურვილობა წარმოადგენდა, რომელსაც „ჰუსიტები“ იყენებენ. წყაროების ინფორმაციით, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავები და სამხედრო გემები „ჰუსიტების“ გამაგრებულ პუნქტებს დაახლოებით ხუთ ლოკაციაზე ბომბავდნენ.
ცნობისთვის, აქამდე „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ შვიდი დარტყმა განხორციელდა ქალაქ ჰოდეიდაში მდებარე აეროპორტზე და ქათეიბის რაიონზე, სადაც „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადი სამხედრო ბაზა მდებარეობს. კიდევ ოთხი დარტყმა განხორციელდა დედაქალაქ სანას სეიანის რაიონზე და კიდევ ორი - დჰამარის პროვინციაზე.