ღვინის ტურიზმის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველო საფრანგეთს უსწრებს - Palitra News

ღვინის ტურიზმის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველო საფრანგეთს უსწრებს

2024-10-03 14:19:16+04:00

ღვინის ტურიზმის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველო საფრანგეთს უსწრებს. გერმანულმა ანალიტიკურმა ცენტრმა, Statista-მ, ღვინის ტურიზმისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, რომელშიც საქართველო წამყვან ხუთეულს ხურავს და საფრანგეთს უსწრებს. რეიტინგი ხუთ ინდიკატორს ეფუძნება, როგორიც არის ქვეყანაში ღვინის მოხმარება, წარმოება, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვენახის ფართობის პროცენტული მაჩვენებელი, ტურების, ასევე, დეგუსტაციების რაოდენობა და ღვინის ბოთლის საშუალო ღირებულება. Statista-ს მიხედვით, საქართველოში ერთ ადამიანზე 57ლიტრი ღვინო იწარმოება, ხოლო ვენახის ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 0,70%-ს შეადგენს. ტურებისა და დეგუსტაციების რაოდენობა მილიონ კაცზე 211-ია, ხოლო ბოთლი ღვინის საშუალო ღირებეულბა 5,91 დოლარია. მონაცემების ანალიზის საფუძველზე პორტუგალიამ ყველაზე მეტი, ანუ 10-დან 8,83 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე 8,16 ქულით მოლდოვაა, სადაც ვენახის ფართობი მსოფლიო მასშტაბის, თითქმის, 2%-ს შეადგენს. მესამეზე 7,86 ქულით იტალიაა, ხოლო მეოთხეზე 7,18 ქულით ესპანეთი. საქართველო წამყვან ხუთეულს 7,05 ქულით ხურავს, რითაც, როგორც უკვე გითხარით საფრანგეთს უსწრებს. საფრანგეთი 6,87 ქულით მხოლოდ მე-6 ადგილზეა. მას უნგრეთი 6,52 ქულით მოსდევს. არაევროპული ქვეყნებიდან ტოპ 10-ეულში მხოლოდ ახალი ზელანდია და ჩილეა.