ბენზინის სიძვირის ფონზე ქვეყანაში ელექტრომობილების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. საქართველოში დღეისათვის 6 662 ელექტრომობილია რეგისტრირებული, რაც გასულ წელთან შედარებით, 1 610-ით მეტია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული. გარდა ამისა, „საქსტატის“ ინფორმაციით, ქვეყანაში ჰიბრიდული სისტემის 146 790 ავტომობილია რეგისტრირებული, აირზე მომუშავე კი - 1 557. ამასთან, ბენზინ-აირის სისტემით მუშაობს 168 205 მანქანა, ბენზინზე - 712 697, დიზელზე კი 341 719. ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 1 729 081 ავტომანქანაა რეგისტრირებული, რაც გასულ წელთან შედარებით, 48 645-ით მეტია.