ოქტომბერში მთავრობას საწვავის შესყიდვა ისევ გაუიაფდა, მოსახლეობა კი დაახლოებით ერთი ლარით მეტს იხდის - Palitra News

ოქტომბერში მთავრობას საწვავის შესყიდვა ისევ გაუიაფდა, მოსახლეობა კი დაახლოებით ერთი ლარით მეტს იხდის

2024-10-03 14:15:30+04:00

ოქტომბერში მთავრობას საწვავის შესყიდვა ისევ გაუიაფდა, მოსახლეობა კი დაახლოებით ერთი ლარით მეტს იხდის. მიმდინარე წლის ოქტომბერში, სექტემბერის მსგავსად მთავრობა საწვავს კიდევ უფრო დაბალ ფასად შეიძენს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით შესასყიდი ფასი 11-17 თეთრით არის შემცირებული. ამის მიზეზი კი წინა საწვავის საერთაშორისო ფასის, იგივე „პლატსის“ ღირებულება გახდა, რომლის მიხედვითაც სექტემბერში ბენზინზე ფასები დაახლოებით 75 დოლარით, ევრო-დიზელზე კი 45 დოლარით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, მიმდინარე წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით მთავრობა ერთ ლიტრ სუპერის ტიპის ბენზინს, რომლის ოქტანობა არანაკლებ 98-ია, 0.16 ლარით იაფად, 2.61 ლარად შეიძენს. სექტემბერში ამ ტიპის ერთი ლიტრი საწვავის ყიდვა ბიუჯეტს 2.77 ლარი უჯდებოდა. ტენდერში გამარჯვებული „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“. იგივე კლასიფიკაციის ბენზინს მოსახლეობა თითქმის ერთი ლარით ძვირად ყიდულობს. ევრორეგულარის ფასი მთავრობისთვის ერთ ლიტრზე 2.29 ლარია, მაშინ როცა სექტემბერში ეს მაჩვენებელი 2.46 ლარი იყო, აქ კლება 0.17 ლარია. ტენდერში გამარჯვებულია „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია“. ბენზინგასამართ სადგურებზე კი ასეთი კლასიფიკაციის საწვავი დაახლოებით 3 ლარის ფარგლებში მერყეობს. სხვათა შორის, პლატსის ფასის კლების ფონზე, საწვავი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებშიც გაიაფდა, დაახლოებით 5-8 თეთრით ლიტრზე.