ვუდსტოკის ფესტივალი: ჰიპების ეპოქის სიმბოლო -
1969 წლის 15 აგვისტოს ვუდსტოკის ლეგენდარულმა ფესტივალმა აიღო სტარტი, რომელიც სამი დღე გაგრძელდა და არა უბრალოდ 1960-იანი წლების კონტრკულტურის უმნიშვნელოვანეს მოვლენად, არამედ ჰიპების ეპოქის მთავარ სიმბოლოდ იქცა.
* * *
სინამდვილეში, "მუსიკისა და ხელოვნების ვუდსტოკის ბაზრობა" (Woodstock Music & Art Fair), არა ვუდსტოკში, არამედ 40 კილომეტრის დაშორებით, ბითელის პატარა სოფელში მოეწყო ადგილობრივი ფერმერის მაქს იასგურის მიწის ნაკვეთზე, რომელმაც 75 ათასი დოლარი მიიღო პუბლიკის მიერ გათელილი და დანაგვიანებული მინდვრების სანაცვლოდ. თავიდან ფესტივალის გამართვა ნიუ-იორკთან ახლოს, უოლკილის დასახლებაში იგეგმებოდა, თუმცა ადგილობრივებმა უარი თქვეს ათასობით ჰიპის მასპინძლობაზე. ნაკლები ენთუზიაზმით შეხვდა ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით გაბრუებული ახალგაზრდები სტუმრობის იდეას ბითელის მოსახლეობაც და მხოლოდ იასგურმა გაბედა ფესტივალის მიღება საკუთარ, 600 აკრის ფართობის ფერმაზე. მეტიც, შუა ხნის ფერმერმა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ჰიპებთან, სცენიდანაც კი მიმართა სტუმრებს ფესტივალის გახსნის საღამოს, რასაც როგორც ამბობენ, ისეთივე ოვაცია მოჰყვა, როგორც ჯიმი ჰენდრიქსის გამოსვლას.
ფესტივალის ორგანიზატორებმა იცრუეს, როცა ადგილობრივ ხელისუფლებას მხოლოდ 50 ათასი მელომანის შეკრებას შეჰპირდნენ, რადგან 180 ათასზე მეტი ბილეთი გაყიდეს და სულ მცირე 200 ათასი ადამიანის სტუმრობას ელოდნენ, თუმცა საბოლოოდ ფესტივალზე 500 ათასმა მუსიკის მოყვარულმა მოიყარა თავი. რა თქმა უნდა, ფესტივალის ორგანიზატორები, რომელთაც ერთის მხრივ, მიწის ნაკვეთის და მუსიკალური აპარატურის იჯარის, მეორეს მხრივ, მონაწილეებისთვის ჰონორარის გადახდის ვალდებულება ჰქონდათ, ნაკლებად მოიწონეს, როცა უბილეთო ჰიპებმა რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს ფერმაზე შეკრება, მაგრამ ხალხის მასასთან დაპირისპირებას ისევ უფასოდ დაშვება ამჯობინეს. საბოლოოდ, ფესტივალის 500 ათასი სტუმრიდან სულ მცირე 300 ათასი უფასოდ დაესწრო კონცერტების სამდღიან მარათონს.
* * *
ამბობენ, თითქოს ფესტივალის დროს ცხრა ქალს დაეწყო ნაადრევი მშობიარობა, ერთმა კი, ფერმამდე მისასვლელ ტრასაზე, 10-კილომეტრიან საცობში, პირდაპირ ავტომობილში გააჩინა ბავშვი, სამი ადამიანი კი, ტრაგიკულად დაიღუპა, რადგან ერთი რამდენიმემეტრიანი კონსტრუქციიდან ჩამოვარდა, მეორე ჰეროინის ჭარბად მოხმარებამ იმსხვერპლა, მესამეს კი ტრაქტორმა გადაუარა.
კომპანიამ Food for love, რომელიც პუბლიკას საკვებით უზრუნველყოფდა, მოგების გაორმაგება მოინდომა და 25-ცენტიანი ჰამბურგერების ერთ დოლარად გაყიდვა სცადა, რითაც ძალიან გააღიზიანა ფესტივალის სტუმრები, რომელთაც კომპანიის მფლობელებს "ანგარებიანი კაპიტალისტები" უწოდეს და ერთიანად გადაწვეს სავაჭრო ჯიხურები. მხსნელად მოშივებულ ჰიპებს ებრაული საზოგადოებრივი ცენტრი მოევლინა, რომელმაც ახალგაზრდები უსასყიდლოდ მოამარაგა საჭირო პროდუქტით - პურის 200 ბატონით, 20 კილოგრამი ხორცითა და 9-ლიტრიანი კიტრის მარინადის 1000 ქილით.
მართალია, ფესტივალს ანტისაომარი ხასიათი ჰქონდა და "მსოფლიო მშვიდობის" ეგიდით გაიმართა, მაგრამ სწორედ ამერიკული არმიის ვერტმფრენების წყალობით განხორციელდა საკვების და მედიკამენტების ტრანსპორტირება. მათვე უზრუნველყვეს სამედიცინო პერსონალის და თავად მუსიკოსების ფესტივალზე ჩაყვანაც.
* * *
მასშტაბურობის მიუხედავად, რამდენიმე ცნობილმა კოლექტივმა კატეგორიული უარი განაცხადა ფესტივალში მონაწილეობაზე. Beatles-მა, რომელიც მწვავე კრიზისს განიცდიდა, ერთი წლის შემდეგ საერთოდ დაიშალა, არა მხოლოდ ორგანიზატორების მიწვევა უარყო, არამედ აგვისტოს თვეში ამერიკაში დაგეგმილი კონცერტიც გააუქმა, ჯიმ მორისონმა და Doors-ის წევრებმა კი, ვუდსტოკი "მონტერეის როკ-ფესტივალის უღიმღამო გამეორებად მიიჩნიეს", რაც მოგვიანებით ძალიან ინანეს. მართალია, ჯგუფის დრამერი ჯონ დესმორი საბოლოოდ მაინც დაესწრო ფესტივალს, მაგრამ მხოლოდ მაყურებლის რანგში. უარი თქვა ფესტივალში მონაწილეობაზე Led Zeppelin-მაც, ბობ დილანს კი, საპატიო მიზეზი აღმოაჩნდა, რადგან მოულოდნელად გაუხდა შვილი მძიმედ ავად.
პოპულარული შემსრულებლების უარის მიუხედავად, ჯენის ჯოპლინის, ჯო კოკერის, კარლოს სანტანას და ჯოან ბაეზის, ჯგუფების The Who-ს, Jefferson Airplane-ს და სხვათა წყალობით სამდღიანი მუსიკალური ფესტივალი მაინც წარმომადგენლობითი გამოვიდა, თუმცა, ვარსკვლავების მიწვევა ვუდსტოკის ორგანიზატორებისთვის მეტად ძვირი სიამოვნება აღმოჩნდა. ყველაზე მაღალანაზღაურებად შემსრულებლად ჯიმი ჰენდრიქსი იქცა, რომლის ჰონორარმა 18 ათასი (დღევანდელი 125 ათასი) დოლარი შეადგინა. ჯგუფმა The Who-მ 11 ათასი, Creedence Clearwater Revival-მა კი, 10 ათასი დოლარი მიიღო. მოკრძალებული ანაზღაურებით - მხოლოდ 1 375 დოლარით დაკმაყოფილდა ჯო კოკერი, ყველაზე ეკონომიური კი, ჯგუფი Quill აღმოჩნდა, რომლის შემოსავალმა სულ რაღაც 375 დოლარი შეადგინა.
* * *
ბითელის მოსახლეობისა და სამართალდამცავების გასაკვირად ფესტივალმა მშვიდად, განსაკუთრებული ექსცესების გარეშე ჩაიარა. მეტიც, ადგილობრივი პოლიციის განყოფილების შეფის ლუ იანკის განცხადებით, "24-წლიანი სამსახურის პერიოდში პირველად შეხვდა ასეთ ზრდილობიან, ყურადღებიან და კარგად აღზრდილ ბავშვებს". მართალია, სამართალდამცავებს თავისუფლად შეეძლოთ ახალგაზრდების დაკავება მარიხუანას მოხმარებისთვის, მაგრამ მიხვდნენ, რომ სალივანის ოლქის პოლიციის განყოფილებასა და ციხეებში უბრალოდ ადგილი არ ეყოფოდა ყველას დატევისთვის.
მცირე ინციდენტი ბრიტანული ჯგუფის The Who-ს გამოსვლის დროს მოხდა, როცა ვიეტნამის ომის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ახალგაზრდული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ები ჰოფმანი ყველასთვის მოულოდნელად ავარდა სცენაზე და იქიდან მოითხოვა მეგობრისა და თანამებრძოლის "თეთრი პანთერების პარტიის" (White Panther Party) ლიდერის ჯონ სინკლერის გათავისუფლება. პაციფისტი აქტივისტი The Who-ს გიტარისტმა დააშოშმინა. პიტ თაუნსენდმა სწრაფად დაატოვებინა ჰოფმანს სცენა და არ მისცა გამოსვლის ჩაშლის საშუალება.
* * *
მუსიკოსთათვის წარმატებული ფესტივალი, მარცხიანი აღმოჩნდა ორგანიზატორებისთვის, რადგან მოგების ნაცვლად მხოლოდ ზარალი ნახეს. მაიკლ ლანგმა, ჯონ რობერტსმა, ჯოელ როზენმანმა და არტი კორნფელდმა მხოლოდ 10 წლის შემდეგ, ფესტივალის აუდიოჩანაწერების გაყიდვით შეძლეს კრედიტორების ვალის გასტუმრება, რომელმაც 1,3 მილიონი დოლარი შეადგინა. მართალია, ენთუზიასტმა პროდიუსერებმა ოთხჯერ - 1979, 1989, 1994 და 1999 წლებში სცადეს "ვუდსტოკის" აღდგენა, მაგრამ ვერ შეძლეს სადებიუტო ფესტივალის წარმატების გამეორება. მეტიც, Woodstock’1999-ის შემდეგ, რომელიც მასიური ძალადობითა და მსხვერპლით დასრულდა, მელომანებმა საერთოდ დაკარგეს ინტერესი მის მიმართ.
1970 წელს მაიკლ უედლის დოკუმენტური ფილმი "ვუდსტოკი. მშვიდობისა და მუსიკის სამი დღე" (Woodstock: Three Days of Peace and Music) გამოვიდა, რომელიც ერთი წლის შემდეგ საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში აღინიშნა "ოსკარის" პრემიით.