გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ბუდაპეშტში გამართულ კონფერენციაზე „სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება” სიტყვით გამოვიდა. კონფერენცია სასურსათო ნარჩენებისა და სასურსათო სისტემების მდგრადი განვითარების საკითხებს მიეძღვნა. კონფერენციის ფარგლებში გამართულ მინისტერიალის პანელურ დისკუსიაში, საქართველოსთან ერთად, უნგრეთის, ჩეხეთის და კვიპროსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 2023 წელს საქართველომ მიიღო კანონი „სურსათის დანაკარგების, მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“. კანონის მიზანია სურსათის მიწოდების ჯაჭვის თითოეულ საფეხურზე სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების პრევენციასთან და შემცირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, ასევე, სურსათის აღდგენისა და შემდგომი გადანაწილების წახალისება.