ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთში ქარიშხალ „ჰელენისგან“ გამოწვეულ ძლიერ ქარსა და კოკისპირულ წვიმას, სულ მცირე, 64 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის გამო თითქმის 3.5 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. „ჰელენისგან“ გამოწვეულმა ძლიერმა ქარმა, წვიმამ, წყალდიდობამ და ტორნადომ, შეერთებულ შტატებს, სავარაუდოდ, მილიარდობით აშშ დოლარის ზარალი მიაყენა, დანგრეულია ცენტრალური უბნები, გზატკეცილები და სახლები. ექსპერტების ვარაუდით, ქარიშხლისგან გამოწვეული ზარალი, დაახლოებით, 95-110 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს რაც მას აქცევს ერთ-ერთ ყველაზე დიდი ზარალის გამომწვევ ქარიშხლად აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში.