ცესკო-ში მოუწოდებენ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები და ამომრჩევლისთვის არასწორი აღქმების შექმნის მცდელობები. ამ მიმართვით ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას და მას უსაფუძვლო და დისკრედიტაციული უწოდა.
27 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ „ცესკოს-ს 26 სექტემბერის დისკრიმინაციული გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ათიათასობით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ევროპისა და აშშ-ის ქალაქებში დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე“.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ხელს უწყობს იმ დისკრედიტაციულ კამპანიას, რომელიც დაინტერესებული მხარეების მიერ უწყების წინააღმდეგ ხორციელდება.