განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა. როგორც მან აღნიშნა, ის საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს. განათლების უკვე ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ ის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის რიგით ჯარისკაცად კვლავ რჩება. გიორგი ამილახვარს განათლების მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისთვის მადლობა უკვე გადაუხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ მინისტრის პოზიციაზე ამილახვრის საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. რამდენიმე დღის წინ თანამდებობა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც დატოვა, თუმცა მისი გადადგომა მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, რადგან წულუკიანი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია. მისგან განსხვავებით, გიორგი ამილახვარი სიაში არ არის.