ნიუ-იორკის მერს ფედერალური კორუფციული გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს. NYT-ის ცნობით, საბრალდებო დასკვნის შინაარსი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც გამოცემა იუწყება, გამოძიება ნაწილობრივ იმას ეხებოდა, მიიღო თუ არა 2021 წელს ერიკ ადამსმა და მისმა საარჩევნო კამპანიამ თურქეთის მთავრობისგან არალეგალური შემოწირულობები. საბრალდებო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ერიკ ადამსი ნიუ-იორკის ისტორიაში პირველი მერი გახდება, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნისას ბრალს წაუყენებენ. გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, ერიკ ადამსი სასამართლოში დღეს გამოცხადდეს.