ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას მხარი არ დაუჭირა. ცესკოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ, 42 ქვეყანაში, მხოლოდ 60 საარჩევნო უბანი გაიხსნება. სხდომა, რომელზეც ეს საკითხი განიხილებოდა, კამათის ფონზე მიმდინარეობდა. ცესკო-ს ინფორმაციით, უბნები ისეთ ქვეყნებშიც იხსნება, სადაც დღემდე არჩევნები არ ჩატარებულა. მათ შორისაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია და ავსტრალია. ოპოზიციის ერთი ნაწილი სხდომის გადადებას ითხოვდა, მეორე ნაწილმა კი, საარჩევნო უბნების დამატებასთან დაკავშირებით, ალტერნატიული წინადადება დააყენა. საბოლოოდ, ცესკოს თავმჯდომარემ გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.