ლეონარდო და ვინჩი -
"უნივერსალურ ადამიანად" წოდებულმა ლეონარდო და ვინჩიმ, რომელსაც ბევრი მხოლოდ ბრწყინვალე ფერმწერად იცნობს, პრაქტიკულად ყველა სფეროში მოსინჯა საკუთარი შესაძლებლობები. მართალია, გენიოს მხატვარს, ინჟინერსა და ასტრონომს არასდროს მიუღია განათლება, მაგრამ ურთულესი მექანიზმები გამოიგონა და სრულად შეისწავლა ადამიანის ანატომია, მეცნიერული ახსნა მოუძებნა ბუნებრივ მოვლენებს და ათეულობით ლექსი, ზღაპარი დაწერა.
* ვინჩი - ქალაქი ტოსკანაში -
ლეონარდო და ვინჩი 1452 წლის 15 აპრილს დაიბადა ტოსკანას პატარა ქალაქ ვინჩიში და სწორედ მშობლიური ქალაქის წყალობით შეიძინა გვარი, რადგან XV საუკუნის იტალიაში მოქალაქეები დაბადების ადგილს იყენებდნენ გვარებად, რაც მათ წარმომავლობაზეც ნათლად მიანიშნებდა. აღსანიშნავია, რომ აღორძინების ეპოქაში ვინჩი ფლორენციის რესპუბლიკაში შედიოდა და მედიჩის სახლის მიერ იმართებოდა.
და ვინჩის მამა - 25 წლის ნოტარიუსი პიერო, დედა კი, უბრალო გლეხის ქალი კატერინა იყო. მოგვიანებით პიერომ შეძლებულ და წარჩინებულ ახალგაზრდა ქალზე იქორწინა, თუმცა შვილი არ შეეძინა, ამიტომ საკუთარ თავზე აიღო ლეონარდოს აღზრდა, რომელიც სამ წლამდე დედასთან ცხოვრობდა. მართალია, მცირეწლოვან ლეონარდოს მამამ ბევრად უკეთესი, ყველაფრით უზრუნველყოფილი ცხოვრება შეუქმნა, მაგრამ მან მაინც მძიმედ გადაიტანა დედასთან დაშორება, რომლის სახის აღდგენას მთელი ცხოვრება ცდილობდა საკუთარ ნამუშევრებში.
* ექსპერიმენტატორი -
და ვინჩიმ, რომელიც ხშირად მიმართავდა ექსპერიმენტებს და ხატვის ახალ მეთოდებს იგონებდა, ისეთი ტექნიკა დაამკვიდრა, როგორც სფუმატო ანუ გამოსახულების მკაფიო კონტურების ერთგვარი შერბილება და გაბუნდოვნებაა. ამგვარი მეთოდის მთავარ უპირატესობას დამატებითი მოცულობა, მუქი და ღია ფერების ბალანსი, ჰარმონიული ტონალური მონაცვლეობა წარმოადგენს.
* "გაუნათლებელი ადამიანი" -
და ვინჩის არასდროს ეუხერხულებოდა თქმა, რომ არც საშუალო განათლება ჰქონდა, მით უფრო არც სამეცნიერო. მეტიც, გენიოსი გამომგონებელი საკუთარ თავს "გაუნათლებელ ადამიანსაც" კი უწოდებდა, თუმცა სწორედ ამგვარი გულწრფელობის გამო იწუნებდა სამეცნიერო საზოგადოება მის იდეებსა და აღმოჩენებს. ლეონარდო მთელი ცხოვრება თვითგანათლებით იყო დაკავებული, მის ბიბლიოთეკაში სხვადასხვა პროფილისა და შინაარსის 200-ზე მეტი წიგნი ინახებოდა - კულინარიით დაწყებული ფილოსოფიური კვლევებით დასრულებული.
"მეცნიერება - მთავარსარდალია, პრაქტიკა კი - ჯარისკაცების არმიაა", - იმეორებდა და ვინჩი, რომელიც მართალია არ უარყოფდა მეცნიერებას, მაგრამ უპირატესობას მაინც მრავალფეროვანი ცდებით შეძენილ გამოცდილებას ანიჭებდა, რადგან თვლიდა, რომ პრაქტიკული ცოდნა უფრო სასარგებლო იყო, ვიდრე სამეცნიერო ხარისხი.
* დისლექსია და სარკისებრი დამწერლობა -
ჩანაწერების უმეტესობას და ვინჩი ძალიან უჩვეულოდ აკეთებდა, რადგან მარცხენა ხელით წერდა მარცხნიდან მარჯვნივ და ამობრუნებული ასოებით, ამიტომ მისი ტექსტების წაკითხვა მხოლოდ სარკის გამოყენებით შეიძლება. მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ამგვარი დამწერლობით ლეონარდომ ერთგვარი შიფრი გამოიგონა, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ გენიოსი და ვინჩისთვის ასე უფრო მოსახერხებელი იყო წერა.
ამასთანავე, და ვინჩი ამბიდექსტერი იყო, ანუ ერთნაირად კარგად წერდა როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელით. მეტიც, მხატვარს ორივე ხელით ერთდროულად წერაც შესანიშნავად გამოსდიოდა, თუმცა მისი ნაშრომების შემსწავლელ მკვლევართა მტკიცებით, ლეონარდოს კითხვისა და წერის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, რადგან ორ ნაწილად ყოფდა სიტყვებს, ერეოდა და "ეპარებოდა" ასოები, რაც დისლექსიაზე მიანიშნებს.
* ვეგეტარიანელი -
"თუ ადამიანი თავისუფლებისკენ ისწრაფვის რატომ ატყვევებს გალიაში ჩიტებს და ცხოველებს. ადამიანი ცხოველზე ძლიერია, ამიტომ დაუნდობლად ანადგურებს მას. ჩვენ სხვისი გვამებით ვიკვებებით, ჩვენ მოსიარულე საფლავები ვართ", - ხშირად იმეორებდა ვეგეტარიანელი და ვინჩი, რომელმაც ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში თქვა უარი ხორცის მირთმევაზე.
ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით, რომელთაც რამდენიმე საათი სძინავთ, და ვინჩი ყოველ ოთხ საათში ერთხელ იძინებდა მხოლოდ 15 წუთით. როგორც ჩანს, საოცრად ნაყოფიერი და შრომისუნარიანი შემოქმედისთვის მცირე პაუზაც საკმარისი იყო დახარჯული ენერგიის აღსადგენად.
* "მადონა მღვიმეში" და "საიდუმლო სერობა" -
ყველაზე ცნობილი ნამუშევრები "მადონა მღვიმეში" და "საიდუმლო სერობა" ლეონარდომ მილანში, ჰერცოგ ლოდოვიკო სფორცას მეურვეობით შექმნა. აღსანიშნავია, რომ "მადონა მღვიმეში", რომელზეც სამი წელი მუშაობდა, ორ ეგზემპლარად შეასრულა, რომელთაგან ერთი - არარესტავრირებული ვერსია ლუვრში, მეორე - რესტავრირებული ვარიანტი კი, ლონდონის გალერეაში ინახება, სამი წელი მუშაობდა ოსტატი "საიდუმლო სერობის" მონუმენტურ ტილოზეც, რომელიც დღეს მილანში სანტა-მარია-დელე-გრაციას მონასტერს ამშვენებს.
ლეონარდო ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა და მაქსიმალური სიზუსტით ასახავდა ყველა დეტალს საკუთარ ტილოებზე. მაგალითად, ნახატზე "მადონა მღვიმეში" მხოლოდ ის მცენარეები დახატა, რომლებიც მხოლოდ ტენიან მღვიმეში ხარობდნენ.
* "მონა ლიზა" -
აბრეშუმით მოვაჭრის ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს მეუღლის ლიზა გერარდინის პორტრეტზე, რომელიც მოგვიანებით მსოფლიო ფერწერის საკულტო ნამუშევრად იქცა, და ვინჩი 16 წელი მუშაობდა. მეტიც, არსებობს ვარაუდი, თითქოს ლეონარდომ მთელი 12 წელი დახარჯა ტუჩების დახატვაზე, რაც ნათლად მიანიშნებს მის სწრაფვაზე სრულყოფილებისკენ. "ჯოკონდას" ღიმილი დღესაც გამოცანად რჩება ხელოვნებათმცოდნეებისა და მკვლევარებისთვის, რადგან ზოგისთვის ის მომხიბვლელი და მომაჯადოებელი, ზოგისთვის კი, ცბიერი და ირონიულია. სხვათა შორის, აღიარება "მონა ლიზამ" გასული საუკუნის დასაწყისში მოიპოვა ლუვრიდან გატაცების შემდეგ, მანამდე კი, მხოლოდ ოსტატის რიგით ნამუშევრად ითვლებოდა.
* მეთუნე და მუსიკოსი -
ფერწერასთან ერთად ლეონარდოს ხელოვნების სხვა სფეროებიც იტაცებდა მუსიკისა და მეთუნეობის ჩათვლით. და ვინჩი ბრწყინვალედ უკრავდა ლირაზე, მეტიც, დახვეწისა და სრულყოფის მიზნით, საკუთარ ინსტრუმენტს მან ცხენის თავის ქალის ფორმა მისცა, რადგან ჩათვალა, რომ ასე ბევრად უკეთესი ჟღერადობა ჰქონდა, მეთუნეობის ოსტატობა კი, მის ფერწერულ ტილოებზე აისახა, რადგან სამ განზომილებაში გამოსახული ფიგურები ზუსტად ისე აჩვენა ყველა მხრიდან, როგორც ნაკეთობა ბრუნავს სამეთუნეო ჩარხზე.
* კულინარული გამოგონებები -
13 წლის მანძილზე ლეონარდო მილანის ჰერცოგის ლოდოვიკო სფორცას კარზე მსახურობდა ნადიმებისა და საზეიმო წვეულებების ორგანიზატორად. სწორედ და ვინჩი ადგენდა სადღესასწაულო მენიუს, იგონებდა ახალ კერძებს და ცდილობდა მათი მომზადების პროცესის დაჩქარებასა და გამარტივებას. მისი "ინჟინრული ფანტაზიის" ნაყოფია ისეთი გამოგონებები როგორიცაა ცაციების კორპსაძრობი, ხორცის შამფური, მიქსერისა და კვერცხის საჭრელის პროტოტიპები.
უყურადღებოდ არ დატოვა და ვინჩიმ არც სადღესასწაულო სუფრის სერვირების წესი. სწორედ მან შემოიღო ქსოვილის ხელსახოცი, რომლის ნაცვლად მანამდე კურდღლის ტყავი გამოიყენებოდა ხელის გასაწმენდად.
* ფრენაზე მეოცნებე -
და ვინჩი მთელი ცხოვრება ფრენაზე ოცნებობდა, ამიტომ დიდხანს იკვლევდა ჩიტების ქცევას, მერე კი უნიკალური მოწყობილობა გამოიგონა ფრთებით, რომელშიც მფრინავი ვერტიკალურად თავსდებოდა და ფეხებით პედლების ტრიალით მართავდა ფრთებს. მის ჩანაწერებში იქნა მოძიებული დელტაპლანისა და პარაშუტის ნახაზებიც. მართალია, ლეონარდომ ვერ შეძლო ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანა, მაგრამ 2000 წელს წარმატებით გამოიცადა მისი ნახაზებით შექმნილი პარაშუტი, 2002 წელს კი, ენთუზიასტმა გამომგონებლებმა სწორედ მისი ჩანაწერების გამოყენებით ააგეს დელტაპლანი, რომელმაც 17 წამი იფრინა 10 მეტრის სიმაღლეზე.
* მყვინთავის კოსტიუმი -
ცაში აფრენასთან ერთად ლეონარდო წყალქვეშა სამყაროს შესწავლასაც ნატრობდა. სწორედ ამგვარმა სურვილმა უბიძგა ღორის ტყავისგან მყვინთავის კოსტიუმის შექმნა, რომელზეც ერთგვარი ტყავის გუდა დაამაგრა ჟანგბადისთვის. მანვე გამოიგონა ნიღაბი ჯავშნიანი შუშებით მტაცებელი თევზისგან დასაცავად და სასუნთქი მილი, რომელსაც კორპის წრე მოარგო მეტი სიმძიმისა და ჩაძირვისგან დასაზღვევად. მარტივად და მოხერხებულად გადაადგილებისთვის კი, ერთგვარი აპკიანი ხელთათმანის მოდელი შეიმუშავა, რომელიც თანამედროვე ფარფლების (ე.წ. "ლასტების") წინამორბედად იქცა.
* პროთეზი -
ანატომიით გატაცებულმა ლეონარდომ, რომელმაც ცხედრების გაკვეთის უფლება მიიღო ადგილობრივ საავადმყოფოში ე.წ. "რვეულების" მთელი კრებული შექმნა ადამიანის სხეულის, მისი ორგანოების დეტალური აღწერით. კუნთების მუშაობით დაინტერესებულმა და ვინჩიმ ფეხის პროთეზის მოდელიც კი შექმნა, რომელიც 2008 წელს სწორედ მისი ესკიზების მიხედვით აღადგინეს მეცნიერებმა, ლეონარდოს ნაშრომებით შთაგონებულმა კარდიოქირურგებმა კი, დეტალურად შეისწავლეს გულის სარქველის ოპერირების მისეული მეთოდი და მცირე შესწორებების შეტანით ჩაატარეს 80-მდე წარმატებული ოპერაცია.
* საბრძოლო ტექნიკა -
სხვა სფეროებთან ერთად და ვინჩი სამხედრო ტექნიკის შემუშავებითაც აქტიურად ინტერესდებოდა. მართალია, დღიურებში წერდა, რომ სძულდა ომი და მკვლელობის მანქანები, მაგრამ მაინც რამდენიმე საინტერესო გამოგონება მიითვალა ანგარიშზე. რა თქმა უნდა, მის მიერ შემუშავებული ტყვიამფრქვევისა და ტანკის მოდელები შორს იყო სრულყოფილებისგან, მაგრამ მაინც ბევრად გაუსწრო საკუთარი ეპოქის საბრძოლო ტექნიკას. განსაკუთრებული პოპულარობა "ორღანის ფორმის მუშკეტმა" ანუ მბრუნავ პლატფორმაზე მოთავსებულმა მუშკეტების სამმა რიგმა მოიპოვა, რომლიდანაც სამჯერ შეიძლება გასროლა გადატენის გარეშე.
* ასტრონომია -
და ვინჩიმ პირველმა ახსნა რატომ იყო ცა ცისფერი. საკუთარ დღიურებში ლეონარდო წერდა, რომ საკუთარი ფერი ცამ დედამიწასა და ციურ სიბნელეს შორის არსებული ტენის განათებული ნაწილაკების წყალობით შეიძინა. ამასთანავე, სწორედ ლეონარდომ გამოთქვა პირველმა მოსაზრება, რომ მთვარის შუქი - სინამდვილეში მზის ანარეკლი იყო და მანვე აღწერა ე.წ. ფერფლისფერი მთვარე ანუ ის უჩვეულო მოვლენა, როცა მთვარის დისკის მთელი ზედაპირი ჩანს, მაშინ რომ მზე მხოლოდ მის მცირე ნაწილს ანათებს.
* სამუდამოდ ინკოგნიტო -
თანამედროვე სამყარომ და ვინჩი "ტურინული ავტოპორტრეტის" წყალობით გაიცნო, რომელიც სავარაუდოს 60 წლისამ შექმნა. ამასთანავე, არსებობს მოაზრება, რომ ოსტატის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი "მონა ლიზაც" სინამდვილეში ავტოპორტრეტია, თუმცა მკვლევარები მსგავს მოსაზრებას არ ადასტურებენ და ამტკიცებენ, რომ არც მხატვრის პორტრეტი არსებობს, არც მისი ავტოპორტრეტი. ასე რომ, როგორ გამოიყურებოდა გენიოსი შემოქმედი, რომელმაც უზარმაზარი მემკვიდრეობა დაუტოვა კაცობრიობას, სინამდვილეში არავინ იცის.