ტუპაკ შაკური -
მართალია, თითქმის 30 წელი გავიდა ამერიკელი რეპერის ტუპაკ შაკურის გარდაცვალებიდან, მაგრამ ინტერესი მისი პერსონისა და შემოქმედების მიმართ მაინც არ ნელდება. მეტიც, 2020 წლის მონაცემებით მუსიკოსის 80 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაიყიდა მთელ მსოფლიოში, მისი ორმაგი სტუდიური ალბომი All Eyez on Me და ჰიტების ნაკრები კი, დღესაც ლიდერობს ყველაზე გაყიდვადი ჩანაწერების ნუსხაში.
შაკურმა, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ჰიპ-ჰოპ შემსრულებლადაა მიჩნეული კოლოსალური წვლილი შეიტანა მუსიკის განვითარებაში და უზარმაზარი გავლენა მოახდინა ჰიპ-ჰოპის შემსრულებელთა მთელ თაობაზე. სწორედ მისი შემოქმედება იქცა შთაგონებად ისეთი მუსიკოსებისთვის, როგორიც ემინემი, კენდრიკ ლამარი, Snoop Dogg და სხვები არიან.
* * *
ლესაინ პერიშ კრუქსი, რომელიც პუბლიკამ ტუპაკ შაკურის ფსევდონიმით გაიცნო, 1971 წლის 16 ივნისს დაიბადა. მართალია, არსებობს ვერსია, თითქოს ტუპაკი ციხეში გაჩნდა, სადაც მის დედა იხდიდა სასჯელს, მაგრამ სინამდვილეში, მომავალი მუსიკოსი ნიუ-იორკში, აღმოსავლეთ ჰარლემში მოევლინა სამყაროს, დედის საპატიმროდან გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის მშობლები და ნათესავების უმეტესობა აფროამერიკული მემარცხენე რადიკალური ორგანიზაციის Black Panther-ს აქტივისტები იყვნენ, რომლებიც "ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულების" ბრალდებით იხდიდნენ სასჯელს.
ახალი სახელი მუსიკოსმა დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ დეიდის დაჟინებული მოთხოვნით შეიძინა, რომელმაც მის მშობლებს სიმბოლური სახელის დარქმევა აიძულა, რადგან ერთის მხრივ, ტუპაკ ამარუ მეორე იყო სამხრეთ ამერიკელი რევოლუციონერი, რომელსაც ესპანელ კოლონიზატორებთან ბრძოლის დროს მოკვეთეს თავი, მეორეს მხრივ, "შაკური" ნიშნავს არაბულად "მადლიერს".
* * *
მძიმე სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, მომავალმა რეპერმა მაინც საუკეთესო განათლება მიიღო, რადგან დედამ არა მხოლოდ მეამბოხე ხასიათი განავითარა მასში, არამედ ხელოვნებაც ადრეულ ასაკში შეაყვარა.
12 წლის ტუპაკი ჰარლემის 127-ე ქუჩის ანსამბლს შეუერთდა და ახალგაზრდა ტრევსი განასახიერა დადგმაში "ქიშმიში მზეზე" (A Raisin in the Sun), 1986 წელს ბალტიმორში გადასახლების შემდეგ კი, ჯერ პოლ ლორენს დანბარის კოლეჯში სწავლობდა, მერე ბალტიმორის ხელოვნების სკოლაში გადაინაცვლა, სადაც სამსახიობო ოსტატობას, პოეზიას, ჯაზსა და ბალეტს დაეუფლა.
შაკური ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ახლაგაზარდულ დადგმებში, მათ შორის უილიამ შექსპირის პიესების მიხედვით შექმნილ სპექტაკლებში, პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტში "მაკნატუნაში" კი, თაგვების მეფე განასახიერა.
ხელოვნებით გატაცების მიუხედავად, ტუპაკმა არც სოციალური საქმიანობა დაივიწყა და ახალგაზრდულ კომუნისტურ ორგანიზაციას შეუერთდა. როგორც ჩანს, ერთის მხრივ, სწორედ სოლიდურმა შემოქმედებითმა ბაგაჟმა, მეორეს მხრივ კი, რადიკალიზმმა განსაზღვრა მისი მუსიკალური სტილი. რეპითა და ჰიპ-ჰოპით შაკური სკოლაში დაინტერესდა და სწრაფად იქცა ადგილობრივ ვარსკვლავად, რადგან რიტმის ბრწყინვალე გრძნობა და უფროსი კოლეგებისგან განსხვავებით ბევრად მდიდარი ლექსიკური მარაგი ჰქონდა.
* * *
მშვიდი და ყველაფრით უზრუნველყოფილი ბალტიმორიდან კალიფორნიაში, ქალაქ მარინ-სითიში გადაბარგების შემდეგ 17 წლის შაკური სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოჩნდა, რადგან ერთ დროს ნიუ-იორკის გეტოდან სიღატაკესა და ადგილობრივი ბანდების ძალადობისგან თავდაღწეულს ისევ სასტიკ რეალობასთან მოუწია შეჯახება, თუმცა, სწორედ კალიფორნიაში გაუღიმა ბედმა, როცა ბევრად უფროსი, თუმცა მასავით მემარცხენე იდეებით გატაცებული ლეილა სტეინბერგი გაიცნო, რომელმაც საკუთარი შეხედულებების მუსიკით გადმოცემა შესთავაზა და ცნობილი პროდიუსერი ატრონ გრეგორი გააცნო.
1990 წელს ტუპაკმა სადებიუტო თრეკი Same Song ჩაწერა დენ ეკროიდის კომედიის "დიდი უსიამოვნებების" საუნდთრეკისთვის, მოგვიანებით კი, პირველი ალბომი 2Pacalypse Now გამოუშვა, რომელიც მის სიცოცხლეშივე იქცა კლასიკად.
* * *
საკმაოდ ექსცენტრიკული და უჩვეულო გამოვიდა ტუპაკის უკანასკნელი ალბომი The Don Killuminati: The 7 Day Theory, რომელიც ფანებმა კონსპირაციებისა და შეთქმულების თეორიების მიზეზად აქციეს, რადგან ერთის მხრივ, ალბომი შაკურმა გარდაცვალებამდე 7 დღით ადრე და ზუსტად 7 დღეში ჩაწერა, ისე თითქოს საკუთარი სიკვდილის დღე დაშიფრა, მეორეს მხრივ კი, არა საკუთარი სახელით, არამედ იტალიელი ფილოსოფოსის ნიკოლო მაკიაველის ფსევდონიმით გამოსცა, რომელმაც რამდენჯერმე მოაწყო საკუთარი სიკვდილის ინსცენირება.
ამასთანავე, მუსიკოსი 1996 წელს, სწორედ 7 სექტემბერს დაცხრილეს, როცა ლას-ვეგასში, MGM Grand-ის გასართობი კომპლექსიდან მენეჯერთან შუტ ნაითთან ერთად დაიძრა Club 662-ისკენ, ერთ-ერთ გზაჯვარედინზე გაჩერებული ავტომობილს კი, უცნობებმა თეთრი "კადილაკიდან" გაუხსნეს ცეცხლი. მართალია, მუსიკოსის დაცვის წევრები თავდამსხმელებს დაედევნნენ, მაგრამ მკვლელობა დღემდე გაუხსნელად ითვლება. გავრცელებული ვერსიის თანახმად, ტუპაკი ცნობილი განგსტერის დუეინ კიტ დევისის ნათესავმა - ორლანდო ანდერსონმა გამოასალმა სიცოცხლეს, თუმცა შეუძლებელი აღმოჩნდა მტკიცებულებების მოძიება, მით უფრო, რომ ორი წლის შემდეგ ანდერსონიც ანალოგიურ ვითარებაში გამოასალმეს სიცოცხლეს.
ტუპაკ შაკური 1996 წლის 13 სექტემბერს გარდაიცვალა ხელოვნურ კომაში, რადგან მცდელობის მიუხედავად მედიკოსებმა ვერ შეძლეს შინაგანი სისხლდენის შეჩერება და მისი გადარჩენა. მეგობრების განცხადებით, დეპრესიისა და სუიციდისკენ მიდრეკილი მუსიკოსი ხშირად საუბრობდა სიკვდილზე, "არ შემიძლია, თავის მოკვლა, უბრალოდ მინდა, რომ ვიღაცამ მომიღოს ბოლო", - ნახევრად ხუმრობით ამბობდა მუსიკოსი, რომელმაც პრაქტიკულად იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი.