ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, სამი თვის წინ მას გიორგი გახარია დაუკავშირდა და მათ დაიწყეს მოლაპარაკებები, რომლის თანახმადაც ქობულია საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ყოფილიყო, თუმცა მხარეებს შორის ნდობა არ შედგა. ამის შესახებ ქობულიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. მისივე თქმით, გიორგი გახარიას პარტიას გუშინ სულ სხვა საარჩევნო სია ჰქონდა, დღეს კი სულ სხვა წარადგინა. ამასთან, ქობულიას განცხადებით, ის "ძლიერ საქართველოსთან" ალიანსის წინააღმდეგი იყო. მან ასევე ისაუბრა იმ წერილობით შეთანხმებაზე, რომელიც გახარიასთან ჰქონდა დადებული და ეს რუსეთთან სავაჭრო თუ დიპლომატიურ ურთიერთობებს შეეხებოდა. ქობულიას თქმით, რუსეთთან პრაგმატული დიალოგია საჭირო, სხვა შემთხვევაში, ქობულია აღნიშნავს, რომ საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღიდგენს.