ნიუ-ორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერებს სიტყვით საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემაც მიმართა. მან გაეროს ტრიბუნიდან იმის იმედი გამოთქვა, რომ საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება. მისივე განცხადებით, საქართველო უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე დგას და მთავრობა მოწოდებულია, ქვეყანა ერის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მართოს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ მიიღო არაერთი რთული გადაწყვეტილება და გამოწვევებს არ შუეშინდა. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება თანმიმდევრულად და დაუღალავად შრომობს, რათა საქართველოს ყველა მოქალაქე საკუთარი ქვეყნით ამაყობდეს. საქართველოს პრემიერმა გაეროს ტრიბუნიდან საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ პირებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველა დანგრეული ხიდი უნდა აღდგეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაშიც მიიღო.