30 სექტემბრიდან, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში უვიზოდ შეძლებენ მოგზაურობას და საშუალება ექნებათ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე გაჩერდნენ. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა საქართველოსა და ჰონგ-კონგის მხარეებს შორის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი. სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონგ-კონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა პასუხისმგებელ პირს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნა, რომ მთავრობის პრიორიტეტია, საქართველოს მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სხვადასხვა მიმართულებით უვიზოდ გადაადგილება.