ყურძნის რეალიზაციით მევენახე ფერმერებმა 197 მლნ ლარის შემოსავალი უკვე მიიღეს.ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 146 ათასი ტონა ყურძენი, მათ შორის, 60 ათას ტონამდე რქაწითელი და 68 500 ტონამდე საფერავი. სააგენტოს ინფორმაციით, ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავება 80-მდე კომპანიასა და მარანში მიმდინარეობს. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 500-მდე ღვინის საწარმო, აქედან 254 უკვე ჩართულია რთველის პროცესში. გადამუშავებული საფერავის რაოდენობა 2-ჯერ აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ჭარბი მოსავლის პირობებში საფერავის დროული დაბინავებისა და მისი ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან, „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს ლარნახევრად იბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის. ამასთან ერთად, მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1 ლარს უხდის.