მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონები Forbes-ის ვერსიით -
აპრილის თვეში ჟურნალმა Forbes-მა პლანეტის უმდიდრესი ქალბატონების ტრადიციული ნუსხა გამოაქვეყნა, რომელშიც ბევრი ნაცნობი, თუმცა ბევრი უცნობი სახელი მოხვდა, ბევრი მოულოდნელად დაწინაურდა, ბევრმა კი, პოზიციები დათმო და საერთოდ დატოვა რეიტინგი.
მაგალითად, L'Oreal-ის მფლობელი ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი ისევ უკონკურენტო ლიდერია, Walmart-ის თანამფლობელმა ალის უოლტონმი კი, მეორე ადგილი დაიბრუნა, რომელიც გასულ წელს დაკარგა და ერთი პოზიციით დააქვეითა ჯულია კოხი, რომელიც ვერც Koch Industries-ის აქციების საკონტროლო პაკეტმა გადაარჩინა.
გამოცდილ კოლეგებს ახალბედებიც მრავლად შეუერთდნენ, რეიტინგში მოხვდა Aldi-ის თანამფლობელი ბაეტე ჰეისტერი და Walmart-ის აქციების მფლობელი კირსტი უოლტონი, რომლებიც მართალია ვერ მოხვდნენ "საუკეთესო ათეულში", მაგრამ მაინც წარმატებული სტარტით აღნიშნეს აღნიშნეს საკუთარი დებიუტი.
* ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი -
2024 წლის უმდიდრეს ქალბატონად 70 წლის ფრანგი ფრანსუაზა ბეტანკური დასახელდა, რომლის კაპიტალმა 100,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა, მადამ ბეტანკური ქალბატონებს ნუსხას არ დასჯერდა და მე-15 პოზიციით დაწინაურდა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში. ფრანგი ქალბატონი, რომელიც კოსმეტიკური იმპერიის L'Oreal-ის აქციების 33% ფლობს, პირველად Forbes-ის რეიტინგში 2021 წელს მოხვდა, 2 წლის შემდეგ კი, პირველი ქალი გახდა, ვისი ქონებაც 100 მილიარდ დოლარად შეფასდა.
ფრანსუაზა შეძლებულ ოჯახში დაიბადა, რადგან მისი მამა - ანდრე ბეტანკური ცნობილი პოლიტიკოსი, დედა - ლილიან შულერი კი, უმსხვილესი კოსმეტიკური კომპანიის L'Oreal-ის შემქმნელის ეჟენ შულერის ქალიშვილი და ერთადერთი მემკვიდრე იყო. მართალია, იურიდიული განათლება ფრანსუაზამ ოქსფორდისა და სორბონას უნივერსიტეტებში მიიღო, მაგრამ 1987 წელს, მომავალმა მილიარდერმა სწორედ L'Oreal-ის კომპანიაში დაიწყო მუშაობა, რომელსაც იმ პერიოდში უფროსი ბეტანკური ხელმძღვანელობდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, მემკვიდრეობით მიიღო კომპანიის მმართველობა. საკუთარი ბიზნესი აქვს ფრანსუაზას მეუღლეს - ჟან-პიერ მაიერსსაც, რომელიც ფრანგული ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლის Tethys-ის გენერალური დირექტორია.
მართალია, ბეტანკურ-მაიერსს ბევრი აკრიტიკებს ბიზნესში ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში პასიურობისთვის, მაგრამ ფრანსუაზას საკუთარი ინტერესები აქვს - აქტიურად მისდევს ქველმოქმედებას და ენთუზიაზმით აფინანსებს ეკოლოგიურ და ტექნოლოგიურ პროექტებს.
* ელის უოლტონი -
საცალო და საბითუმო სავაჭრო ქსელის მმართველი უმსხვილესი კომპანიის Walmart-ის დამფუძნებლის სემ უოლტონის ქალიშვილი, 74 წლის ელის უილტონი, რომელმაც გასულ წელს დაკარგული მეორე პოზიცია დაიბრუნა, 73,5-მილიონიანი კაპიტალის მფლობელია, რომლის დიდ ნაწილს მამისგან მემკვიდრეობით მიღებული კომპანიის დივიდენტები შეადგენს.
ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ უოლტონმა სააქციონერო კაპიტალის ანალიტიკოსის თანამდებობა ჩაიბარა და Arvest Bank-ში შეუდგა მუშაობას, საკმარისი გამოცდილების დაგროვების შემდეგ კი, საკუთარი საინვესტიციო ბანკი Llama Company დააფუძნა. წარმატებული კარიერს მიუხედავად, უოლტონი სწრაფად მიხვდა, რომ ფინანსების სფერო ნაკლებად აკმაყოფილებდა მის ინტერესებს, ამიტომ ბანკი დახურა და ტეხასის შტატში, რანჩოზე გადაბარგდა, სადაც სუფთა სისხლის ცხენების მოშენებას შეუდგა.
ხელოვნების მოყვარული უოლტონი ფერწერული ტილოების შეგროვებითაა გატაცებული, რაშიც ოჯახური კაპიტალიც ეხმარება. 2004 წელს ელისმა 20 მილიონი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშები შეიძინა ნიუ-იორკის აუქციონზე, ერთი წლის შემდეგ კი, უილსონ ჰომერის, ედვარდ ჰოპერისა და ცნობილი პეიზაჟისტის აშერ ბრაუნის ტილოების კოლექცია შეისყიდა, თუმცა დახარჯული თანხის გახმაურება არ ისურვა.
ფილანთროპი უოლტონი აქტიურად მონაწილეობს ამერიკის კულტურულ ცხოვრებაში, სისტემატურად აფინანსებს ცნობილ მხატვრებსა და პოეტებს, საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროექტებს. მეტიც, 2021 წელს მილიარდერმა ქალბატონმა ჰოლისტიკური მკურნალობის ინსტიტუტი დააარსა, რომელმაც ერთი წლის შემდეგ ელის უოლტონის მედიცინის სკოლის სახელი შეიძინა.
* ჯულია კოხი -
61 წლის ჯულია კოხი, რომელიც 64, 3 მილიარდი დოლარის მფლობელია, Forbes-ის ნუსხაში მეტწილად მეუღლის - დევიდ კოხის წყალობით მოხვდა, რომლის გარდაცვალების შემდეგ სამ შვილთან ერთად მიიღო Koch Industries-ის აქციების 42%. მართალია, უმსხვილესი მრავალპროფილური კომპანია ერთდროულად მუშაობდა როგორც სავაჭრო და საინვესტიციო, ისე ნავთობის გადამუშავებისა და ქიმიური წარმოების სფეროში, მაგრამ კოხმა, რომელმაც "უმდიდრესი ქვრივის" მეტსახელი შეიძინა, საკუთარი ბიზნესის პრიორიტეტად ნავთობის მრეწველობა აქცია, თუმცა არც ქველმოქმედება დაივიწყა. მისის კოხი სამეცნიერო და სამედიცინო პროექტებს აფინანსებს და წელიწადში მინიმუმ 100 მილიონს ხარჯავს ქველმოქმედებაში.
აღსანიშნავია, რომ აიოვას შტატში, ავეჯის მწარმოებლების ოჯახში დაბადებული ჯულია ფლეშერი, რომელმაც მოგვიანებით შეიძინა კოხის გვარი, ახალგაზრდობაში ნაკლებად ინტერესდებოდა ბიზნესით, რადგან მისი ერთადერთი გატაცება ტანსაცმლის მოდელირება იყო. მეტიც, ნიუ-იორკში გადაბარგებული ჯულია უამრავ ცნობილ პერსონასთან, მათ შორის ნენსი რეიგათან მუშაობდა, ნავთობის ბიზნესით კი, მხოლოდ დევიდ კოხთან ქორწინების შემდეგ დაინტერესდა, რომელიც ე.წ. "ბრმა პაემანზე" გაიცნო და ძალიან არ მოეწონა, თუმცა მოგვიანებით მისი გონებამახვილობითა და ენამოსწრებულობით მოხიბლული დათანხმდა ცოლობას.
* ჟაკლინ მარსი -
83 წლის ჟაკლინ მარსს, რომელიც 38,5 მილიარდი დოლარის მფლობელია, ძალიან გაუმართლა, რადგან კანფეტის უმსხვილესი მწარმოებლის Mars-ის მფლობელის ფორესტ მარსის შვილი და კომპანიის დამფუძნებლის ფრანკლინ მარსის შვილიშვილია. სოლიდური ასაკის მიუხედავად ჟაკლინი მაინც აქტიურადაა ჩაბმული ოჯახურ ბიზნესსა და კომპანიის საქმიანობაში, რომლის აქციების მესამედი სწორედ მისი საკუთრებაა.
მომავალმა მილიარდერმა ბაკალავრის ხარისხი მიიღო ანთროპოლოგიის დარგში, თუმცა დოღით გატაცებულმა სწრაფად აიცრა გული ოდესღაც ინტერესით არჩეულ პროფესიაზე. მარსი ყოველთვის ინტენსიურად მონაწილეობდა ცხენოსანთა შეჯიბრებებში, დღეს კი საცხენოსნო სპორტში ამერიკის ეროვნული ნაკრების მეურვე და მთავარი დამფინანსებელია.
2016 წლამდე მისის მარსი კომპანიის Mars Incorporated-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობდა, პოსტის შვილისთვის გადაცემის შემდეგ კი, ჯერ ვაშინგტონის ნაციონალური ოპერის საბჭოს შეუერთდა, მერე ამერიკის ეროვნული არქივის მმართველობა ჩაიბარა და რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დააფინანსა.
* მაკენზი სკოტი -
ჯეფ ბეზოსის ყოფილმა მეუღლემ, 53 წლის მაკენზი სკოტმა საკუთარი ქონება - უმსხვილესი კომპანიის Amazon-ის 4% და 35,6 მილიარდი დოლარი 2019 წელს მიიღო მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, თუმცა ოფიციალურად მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომელმაც ქონების სულ მცირე ნახევრის ქველმოქმედებისთვის შეწირვა დაავალდებულა. სკოტის განცხადებით, პირნათლად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას, რადგან 2020 წელს მთელი 14 მილიარდით დააფინანსა სხვადასხვა პროფილის 1 600 არაკომერციული ორგანიზაცია.
სოლიდური ქონების მიუხედავად, სკოტი მაინც მოკრძალებული ცხოვრების წესს ანიჭებს უპირატესობას და ნაკლებად ცდილობს პუბლიკის ყურადღების მიქცევას. მომავალმა მილიარდერმა ბრწყინვალე განათლება მიიღო, რადგან ჯერ ჰოტჩკისის პრესტიჟულ სკოლაში, მერე პრინსტონის უნივერსიტეტში სწავლობდა, რომელიც ინგლისური ენისა და ლიტერატურის ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. ახალბედა ლიტერატორი ცნობილ მწერალთან, ნობელის პრემიის ლაურეატთან ტონი მორისონთან მოეწყო სამუშაოდ, 2006 წელს კი, თავად გახდა ლიტერატურული პრემიის მფლობელი სადებიუტო რომანისთვის "ლუტერ ოლბრაიტის განსაცდელი", თუმცა როგორც აღმოჩნდა პირველი რომანი "წიგნის ჭია" სკოტმა ჯერ კიდევ ბავშვობაში, 6 წლის ასაკში დაწერა, თუმცა ხელნაწერი უკვალოდ დაიკარგა.
ჯეფ ბეზოსი მაკენზიმ 1992 წელს გაიცნო საინვესტიციო ფონდში D.E. Shaw-ში მუშაობისას და ორწლიანი რომანის შემდეგ ცლადაც გაჰყვა, თუმცა 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილმა ოფიციალურად განქორწინება გადაწყვიტა. მეუღლები სკანდალის გარეშე დაშორდნენ, ერთად გატარებული წლებისთვის გადაუხადეს ერთმანეთს მადლობა და აღნიშნეს, რომ იმ შემთხვევაშიც ერთად გადაწყვეტდნენ ერთად ცხოვრებას თუ ეცოდინებოდათ, რომ 25 წლის შემდეგ დაშორდებოდნენ.
* რაფაელა აპონტე-დიამანტი -
33, 1 მილიარდის მფლობელი რაფაელა აპონტე-დიამანტი პირველად Forbes-ის რეიტინგში 2023 წელს მოხვდა, ერთი წლის შემდეგ კი, არა მხოლოდ გააუმჯობესა საკუთარი შედეგი, არამედ ყველაზე მდიდარ ე.წ. "სელფმეიდ"-ქალბატონადაც იქცა. აღსანიშნავია, რომ მეუღლესთან იტალიელ მეწარმესთან ჯანლუიჯი აპონტე-დიამანტისთან ერთად რაფაელა უმსხვილესი კერძო სანაოსნო კომპანიის Mediterranean Shipping Company-ს მფლობელია, რომელიც მეუღლეებმა 1970 წელს დააარსეს, წილების თანაბრად განაწილების შემდეგ კი, კოლექტიურად შეუდგნენ მის მართვას.
ბიზნესი მეუღლეებმა კრედიტის - 200 ათასი დოლარისა და პირველი სატვირთო გემის შეძენით წამოიწყეს, 3 ათეული წლის შემდეგ კი, ერთი შეხედვით მარცხიანი წამოწყება უმსხვილეს კომპანიად აქციეს. დღეს Mediterranean Shipping Company-ს, რომელიც 730 ხომალდს ფლობს და სულ მცირე 4,8 მილიონი კონტეინერის გადაზიდვა შეუძლია, ჯანლუიჯი მართავს, რაფაელა კი, სამგზავრო გემების ინტერიერის დიზაინს კურირებს. ექსპერტების მტკიცებით, აპონტე-დიამანტის ოჯახური ბიზნესის წარმატება პირველ რიგში პანდემიამ განსაზღვრა, როცა არნახულად გაიზარდა მოთხოვნილება საზღვაოსნო ტრანსპორტზე.
* მირიამ ადელსონი -
მართალია, გასულ წელს 78 წლის მირიამ ადელსონის ქონება 8 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რამაც Forbes-ის ნუსხაში მე-5 ადგილი უზრუნველყო, მაგრამ წელს ორი პოზიციით უკან დახევა მოუწია, რადგან მისმა კაპიტალმა მხოლოდ 32,5 მილიარდი შეადგინა. ქონება 78 წლის ამერიკელმა ქალბატონმა მეუღლის - აზარტული თამაშების ინდუსტრიის მეფედ წოდებული მეუღლისგან, შელდონ ადელსონისგან მიიღო მემკვიდრეობით მისი გარდაცვალების შემდეგ. მართალია, 2021 წელს მირიამს მეუღლის პრობლემების მოგვარება და კრედიტების დაფარვა მოუწია, მაგრამ ხარჯი ნაკლებად აისახა საერთო ფინანსურ მდგომარეობაზე.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესი შელდონ ადელსონმა, რომელიც დონალდ ტრამპის ახლო მეგობარი და ერთ-ერთი მთავარი სპონსორი იყო, 1989 წელს წამოიწყო სასტუმრო-სამორინეს Sands Hotel-ის შეძენით, მოგვიანებით კი, კომპანია Las Vegas Sands დააფუძნა, რომელიც მის ძირითად აქტივად იქცა. 2000 წელს ადელსონი 26,8 მილიარდითა და 28-ე პოზიციით მოხვდა Forbes-ის ნუსხაში, მისმა მეუღლემ კი, რომელსაც მსხვილ კაპიტალთან ერთად რამდენიმე ათეული სასტუმრო და სამორინე ერგო მემკვიდრეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შემოსავალიც გაზარდა და რესპუბლიკური პარტიის მთავარი დონორის ვალდებულებაც საკუთარ თავზე იტვირთა.
თუმცა, მირიამი, რომელიც თელ-ავივში გაიზარდა და მხოლოდ მოგვიანებით გადაბარგდა ნიუ-იორკში განათლების მისაღებად, არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და სასწავლო პროექტებსაც აქტიურად აფინანსებს. მეტიც, 2000 წელს სწორედ მისი ინიციატივით გაიხსნა ლას-ვეგასში კერძო სკოლა The Adelson Educational Campus, რომელიც დღესაც მისი ფინანსური მხარდაჭერით მუშაობს.