Oasis - კომპოზიცია Wonderwall-
გასულ თვეში ძმებმა ნოელ და ლიამ გალაჰერებმა 15-წლიანი პაუზის შემდეგ საკულტო ჯგუფის Oasis-ი აღდგენის შესახებ განაცხადეს. მართალია, განახლებული კოლექტივი მხოლოდ მომავალი წლის ზაფხულში წარდგება პუბლიკის წინაშე და 17 კონცერტს გამართავს ჯერ ინგლისში, მერე კი, ირლანდიაში, მაგრამ ფანებმა არ ისურვეს მთელი წელი ლოდინი და გაყიდვის გამოცხადებიდან 10 საათში შეიძინეს მომავალი კონცერტების ყველა ბილეთი.
კარიერის მანძილზე ძმებმა უამრავი კომპოზიცია შექმნეს, თუმცა ერთგვარ სავიზიტო ბარათად მაინც სინგლი Wonderwall იქცა, რომელიც 1995 წელს შეიქმნა და მეორე სტუდიურ ალბომში What's the Story) Morning Glory? შევიდა.
აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია არა მხოლოდ Oasis-ის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად, არამედ ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერად იქცა, რომელიც 2018 წელს 76-ე პოზიციით მოხვდა ყველაზე გაყიდვადი სინგლების ნუსხაში. საერთო ჯამში კომპოზიცია 2 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და პლატინის სტატუსი შეიძინა, სიმღერის კლიპმა კი, 1996 წელს Brit Awards-ის პრემია დაიმსახურა.
* * *
ბევრს ჰგონია, რომ Wonderwall მეგ მეთიუსს - ნოელ გალაჰერის ყოფილ მეუღლეს მიეძღვნა, თუმცა სინამდვილეში, მსგავსი ვერსია მხოლოდ ჟურნალისტებმა მოიგონეს. თავად გალაჰერის განცხადებით, პრესამ თვითონ შესძინა სიმღერას ახალი მნიშვნელობა, თვითონ კი, იძულებულ გავხდი ეთქვა მეუღლისთვის, რომ კომპოზიცია მართლაც მისთვის დაწერა, რადგან სწორედ ასე იყო ნათქვამი პრესაში. "სინამდვილეში, Wonderwall წარმოსახვით მეგობარს ეძღვნება, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდება ერთ დღეს და აუცილებლად გადაგარჩენს საკუთარი თავისგან", - აღნიშნა გალაჰერმა.
* * *
როგორც აღმოჩნდა, თავიდან სიმღერას, რომელიც "სამშაბათის წვიმიან დღეს დაიწერა უილსის სტუდიაში", თავიდან Wishing Stone ერქვა და მის შესრულებას ნოელი თავად გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით კომპოზიცია უმცროს ძმას - ლიამს გადაულოცა, რომლის ვოკალი ცნობილმა პროდიუსერმა ოუენ მოორისმა მეტად ორიგინალურად შეაფასა, "ძალიან გამაკვირვა ხრინწიანმა შესრულებამ, რომელიც ჯაზის ჟღერადობას უფრო ჰგავდა, ვიდრე როკ-მუსიკისას, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ლიამმა რამდენიმე საათში მოსწია 100 ღერი სიგარეტი, მერე კი, სიმღერის ჩაწერა მოინდომა".
სახელი კომპოზიციამ ჯორჯ ჰარისონის პირველ სოლო ალბომის Wonderwall Music-სა და საუნდთრეკის წყალობით შეიძინა, რომელიც Beatles-ის ყოფილმა წევრმა 1968 წელს შექმნა ამავე სახელწოდების ფილმისთვის, "Beatles - ჩემთვის სტარტიცაა და ფინიშიც, სადაც ყველაფერი იწყება და ყველაფერი მთავრდება, მაგრამ ძალიან არ მიყვარს, როცა ჩვენს მუსიკას მათ შემოქმედებას ადარებენ და თვლიან, რომ ვერასდროს შევძლებთ გავლენისგან თავის დაღწევას", - შენიშნა ნოელმა, რომელიც ლივერპულელი ოთხეულის უზარმაზარი სიყვარულის მიუხედავად, მაინც საშინლად ღიზიანდებოდა Oasis-ის Beatles-თან შედარებით.
სხვათა შორის, სხვა ნიჭიერი შემოქმედების მსგავსად ნოელიც დისლექსიით იტანჯება, რაც ყოველთვის ხელს უშლიდა მუშაობაში, რადგან საშინლად ჭიანურდებოდა ახალი კომპოზიციის შექმნის პროცესი. მეტიც, მუსიკოს რამდენჯერმე უწევდა ტექსტის გადაწერა, რათა ყველა სიტყვა თავის ადგილას მოეთავსებინა და ჯერ თვითონ, მერე ჯგუფის წევრებს გაერკვიათ მისი ნაწერი.
* * *
უცნაურია, მაგრამ კომპოზიცია, რომელმაც ძმებს აღიარება მოუტანა, სინამდვილეში არცერთს არ მოსწონდა. ლიამმა პირველი მოსმენისთანავე აითვალწუნა სიმღერა და კამათიც მოუვიდა უფროს ძმასთან, რადგან ჩათვალა, რომ Wonderwall აბსოლუტურად არ ერგებოდა როკ-ჯგუფის რეპერტუარს. როგორც აღმოჩნდა, ლიამმა არც 30 წლის შედეგ შეიცვალა აზრი ძმის ნამუშევარზე.
უკმაყოფილო აღმოჩნდა სიმღერით თავად ნოელიც, "Wonderwall - ჯგუფის ყველაზე პოპულარული სიმღერაა, რაც საშინლად მაღიზიანებს, რადგან ბევრად უკეთესი ნამუშევრებიც გვაქვს. ადამიანებს, რომლებიც მოდიან და მეუბნებიან, რომ Wonderwall ნამდვილი შედევრია, ყოველთვის მინდა ვუთხრა, რომ არაფერი გაეგებათ მუსიკაში", - აღნიშნა უფროსმა გალაჰერმა.
სიმღერის რამდენიმე რემიქსს შორის ნოელმა ყველაზე მეტად ამერიკელი მუსიკოსის რაიან ადამსის ვერსია მოიწონა, რომელიც 2004 წელს გამოიცა ბევრად მელანქოლიური აკუსტიკური ჟღერადობით. მეტიც, Oasis-ის ერთ-ერთმა წევრმა ტონი მაკკეროლმა, რომელმაც ქავერ-ვერსიის ცოცხალი შესრულება მოისმინა, ადამსისთვის სიმღერის ჩუქებაც მოინდომა, რადგან ჩათვალა, რომ წარმატებული რემიქსის შემდეგ ორიგინალმა მომხიბვლელობა დაკარგა.
ნაყოფიერი შემოქმედებითი ტანდემის მიუხედავად, რეალურ ცხოვრებაში ძმებს საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვთ. "კარგია, რომ შეერთებულ შტატებში არ ვცხოვრობთ, სადაც თითქმის ყველას აქვს იარაღის ტარების უფლება და მუშტების ნაცვლად პირდაპირ სროლაზე გადადის, რადგან ზოგჯერ ისეთი აუტანელია ჩემს ძმასთან ურთიერთობა, მზად ვარ შუბლი გავუხვრიტო", - აღნიშნა ნოელმა ერთ-ერთ ინტერვიუში, როცა ჟურნალისტი მოურიდებლად დაინტერესდა ოჯახური კონფლიქტით.
* * *
1990-იანი წლების ბოლოს Wonderwall-მა ერთგვარი სოციალურ სტატუსი შეიძინა, რადგან ჯერ ნარკოტიკების ჭარბი დოზით გარდაცვლილი მოზარდი გოგონას ლეი ბეტსის დაკრძალვაზე გაჟღერდა როგორც მისი საყვარელი კომპოზიცია, მერე ძმების ნებართვით ბეტსის ცხოვრების ამსახველი მოკლემეტრაჟიანი ვიდეოს მუსიკალურ ფონად იქცა. ჯგუფის წევრების განცხადებით, ვისთვისაც კარგად ნაცნობი აღმოჩნდა მსგავსი პრობლემა, სწორედ ასე გამოუცხადეს სოლიდარობა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას.