დონალდ ტრამპის სავარაუდო მკვლელობის მცდელობას მსოფლიოს სვადასხვა ქვეყნების ლიდერები ეხმაურებიან. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა. ამასთან, კირ სტარმერის განცხადებით, ძალადობას პოლიტიკურ პროცესებსა და დისკუსიებში არანაირი ადგილი არ აქვს. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა. მისი თქმით, მსოფლიოში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არაა. მანამდე, ტრამპის სავარაუდო მკვლელობის მცდელობა, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაგმო და განაცხადა რომ აშშ-ში ძალადობის ადგილი არ არის. ფლორიდაში, დონალდ ტრამპის გოლფის მოედანზე, სადაც ყოფილი პრეზიდენტი გოლფს თამაშობდა, სროლა მოხდა. აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ განაცხადა, რომ მომხდარი, სავარაუდო მკვლელობის მცდელობა იყო. ეჭვმიტანილი დაკავებულია. ის 58 წლის რაიან უესლი როუთია. CNN-ის ცნობით, მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი, სოციალურ მედიაში დონალდ ტრამპს ხშირად აკრიტიკებდა. საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, სამართალდამცავებმა იმ ადგილას, სადაც ეჭვმიტანილი იყო თოფი, კამერა და ზურგჩანთები იპოვეს.